ოპედი | სახელები, გვარები და არა პასპორტები! ევროკავშირმა არ უნდა დატოვოს შესაძლებლობა დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლისთვის

13.01.2025

ავტორი: ვანო ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, რომელიც მუშაობს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე და მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობ პროექტებს.

ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების, ხოლო საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების თაობაზე არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ეს არის მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირში აღარავინ არ ელოდება და მათ ჩამოერთმევათ ყველა ის პრივილეგია, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ. თუმცა, ეს არ უნდა ჩაითვალოს საბოლოო ნაბიჯად. „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები ამ გადაწყვეტილებას ირონიით გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სანქციების თავიდან ასაცილებლად დარჩენილ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ევროკავშირმა არ უნდა დაუტოვოს მათ ამ შეზღუდვების გვერდის ავლის არანაირი შესაძლებლობა.

საქართველოში დიპლომატიური პასპორტის მფლობელები დიდი ხანია სარგებლობენ ისეთი პრივილეგიებით, რომლებიც არ იყო ხელმისაწვდომი რიგითი მოქალაქეებისთვის. 2011 წლიდან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უფლებას აძლევდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უვიზოდ გამგზავრებულიყვნენ 90 დღემდე ვადით 180 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივი (ორდინალური) პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შესაძლებელი გახდა 2017 წელს – ეს პრივილეგია მას შემდეგ მიენიჭათ, რაც საქართველომ დააკმაყოფილა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მოთხოვნები.

საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ამ დინამიკას ცვლის და რიგით მოქალაქეებს უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე ელიტურ წრეებს და „ქართული ოცნების“ მთავრობასთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს. ეს კი წარმოადგენს ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებების ჩახშობის და ევროკავშირში გაწევრიანების ვექტორის შეცვლის საპასუხოდ.

თუმცა, არსებული სახით, ევროკომისიის მიდგომა ფოკუსირებულია დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე, როგორც კატეგორიებზე და არა კონკრეტულ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე. საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ქონის უფლება აქვს რამდენიმე ასეულ პირს, მათ შორის დიპლომატებს, ასევე თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებს და უსაფრთხოების სამსახურს.

ამ დროს დგება ეს ყურადსაღები საკითხი – საქართველოს ოფიციალური პირების ორმაგი პასპორტების პრივილეგია. დიპლომატიური პასპორტის მფლობელთა უმეტესობას ასევე აქვს ჩვეულებრივი პასპორტებიც, რომლებითაც მათ შეუძლიათ ევროკავშირისა და შენგენის ზონის

ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა. ეს ხარვეზი თუ არ აღმოიფხვრა, ამით შეიძლება შეილახოს ევროკავშირის მიდგომების სანდოობა და მიჩნეულ იქნეს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად მტკიცე და მიზანმიმართული. მნიშვნელობის დემონსტრირებისთვის, ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ზომების მიღება იმგვარად, რომ არ დაუტოვოს არანაირი შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებს, რომ გვერდი აუარონ აღნიშნულ შეზღუდვებს.

იმისათვის, რომ ევროკავშირმა აღმოფხვრას ეს ხარვეზები და დაიმკვიდროს თავი, როგორც გლობალური აქტორი, რომელიც ერთგულია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა, ევროკავშირმა მეტი უნდა გააკეთოს. მისი დელეგაციის, წევრი ქვეყნების საელჩოებისა და ადგილობრივი პარტნიორების მეშვეობით, ევროკავშირის შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეაგროვონ პერსონალური მონაცემები დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა შესახებ და შეადგინონ იმ პირთა სია, რომლებსაც შეეზღუდებათ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში შესვლა ასევე ჩვეულებრივი პასპორტებითაც. ამ პირების შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) შეტანით, რომელიც შეიცავს ისეთ ბიომეტრიულ მონაცემებს, როგორიცაა ფოტოები, თითის და ხელისგულის ანაბეჭდები, ევროკავშირს შეუძლია უზრუნველყოს, რომ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, ფაქტობრივად აეკრძალოთ შესვლა ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებში.

ასეთი ზომების გარეშე, „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები გააგრძელებენ ევროკავშირის ქმედებების ირონიზირებას, როგორც, ასე ვთქვათ, „უკბილოს“, გამოიყენებენ უვიზო მიმოსვლას და უგულებელყოფენ მათი ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგებს. თავისი სანდოობისა და ღირებულებების შესანარჩუნებლად, ევროკავშირი უნდა გასცდეს სიმბოლიზმს და გახადოს თავისი გადაწყვეტილებები ქმედითი და აღსრულებადი.

წყარო: www.civil.ge ვებგვერდზე განთავსებული მოცემული ოპედი ეფუძნება ჟურნალ GEOpolitics-ში დაბეჭდილ სტატიას, რომელიც არის საქართველოსთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკის საკითხების ანალიტიკური შეფასების წამყვანი წყარო.

სიახლეები

მულტიმედია