კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ის ხელოვნების ფესტივალის “საჩუქრის” ფარგლებში ტარდებოდა, რომელსაც ბევრი სპონსორი და მხარდამჭერი ჰყავდა და, შესაბამისად, კინოფესტივალის პროგრამაც ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 2002 წელს “საჩუქარს” დახურვის საფრთხე დაემუქრა, ამიტომ რამდენიმე თანამოაზრემ (გაგა ჩხეიძე, ნინო ანჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, დავით ბუხრიკიძე, ბესიკ დანელია, გუგა კოტეტიშვილი, გაგა ლომიძე, გიორგი ყაჯრიშვილი) კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე” დააარსა, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი, სხვა პროექტების განხორციელების გარდა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შენარჩუნება იყო. 2002 წელს კინოხელოვნების ცენტრმა “პრომეთემ” კინოფესტივალი დამოუკიდებლად, მწირი ფინანსებით ჩაატარა.