პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობა კანონმდებლობით განისაზღვრა

04.03.2019

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი საჭიროებს პალიატიურ მზრუნველობას. აღნიშნულ მომსახურებას კი მხოლოდ 14% იღებს.

პალიატიური მზრუნველობით სარგებლობა ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ადამიანის ღირსებისა და ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. მისი მიზანია მდგომარეობის შემსუბუქება მტანჯავი ტკივილის მქონე პაციენტებისთვის და  პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მიუხედავად დიაგნოზისა და დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობისა.

პალიატიური მზრუნველობის დანერგვა, ფონდის ხელშეწყობით საქართველოში პირველად 1999 წელს დაიწყო. “ინტენსიური მუშაობისა და ადვოკატირების შედეგად ჩვენ  მივიღეთ ძირითადი ნორმები კანონმდებლობაში, შევქმენით ბავშვთა და მოზრილთა ჰოსპისები და მოვამზადეთ ადამიანური რესურსები, რომლებმაც ამ მიმართულებით განათლება მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში და ჰოპისებში მიიღეს.”-აღნიშნავს ნინო კიკნაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის წარმომადგენელი, რომელიც პალიატიური მზრუნველობის მიმართულებას 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.

ინფრასტრუქტურის, მომსახურების ხარისხისა და პაციენტთა მიმართ დამოკიდებულების მაჩვენებლებით საქართველოს პირველი ბავშვთა ჰოსპისი   „ციცინათელების ქვეყანა“ ევროპაში საუკეთესო ჰოსპისების სტანდარტის შესაბამისია.

მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებდა მნიშვნელოვან ნორმებს და არ იცნობდა მთავარ განსაზღვრებებს პალიატიური მზრუნველობის სფეროში.

2018 წელს, ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც პალიატიური მზრუნველობის ექსპერტებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს  აერთიანებდა. ჯგუფის წევრებმა მოამზადეს  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კანონისთვის “პაციენტის უფლებების შესახებ” და კანონი “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”.

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეთავაზებული რედაქციით 25 თებერვალს დაამტკიცა, რომლის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდა განსაზღვრება პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის, ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის და ამ მომსახურების მიმწოდებელ პირთა უფლებამოსილებების შესახებ.

საკანონმდებლო ცვლილებები 2019 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.