პანდემიის მართვასთან დაკავშირებული საპარლამენტო კონტროლი

29.03.2022

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეაფასა 2020 წლის 21 მარტიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – პანდემიის მართვასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მთავრობის საქმიანობაზე  განხორციელებული ზედამხედველობა და მისი შედეგები, იმ გადაწყვეტილების პირობებში, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო ორგანომ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას გადასცა.

კოვიდპანდემიის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მთავრობის საქმიანობის ეფექტური კონტროლი ვერ განახორციელა. ნათლად გამოიკვეთა ყველა ის პრობლემა, რაც ზოგადად, საქართველოში,  საპარლამენტო ზედამხედველობას ახასიათებს.

ძირითადი ტენდენციები:

  • პარლამენტმა ვერ შეძლო სრულფასოვნად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი, რაც რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული:  ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი;ხშირ შემთხვევაში, მთავრობის წევრთა მიერ  საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების  ინგორირება; ოპოზიციის მეტწილად ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა;  საპარლამენტო ზედამხედველობის ტრადიციების ნაკლებობა  და კანონმდებლობა, რომელიც ოპოზიციას არ ანიჭებს საკმარის უფლებამოსილებებს;
  • ოპოზიციისთვის მინიჭებული შეზღუდული უფლებამოსილებების ჯეროვნად ვერ ხორციელდება, რადგან მთავრობა არ თანამშრომლობს ოპოზიციასთან და მათ ინიციატივებს, ძირითადად რეაგირების გარეშე ტოვებს. უმრავლესობის მიერ განხორციელებული კონტროლი კი არაეფექტურია და უმეტესად ფორმალურ ხასიათს ატარებს;
  • საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ეფექტურად არ ყოფილა გამოყენებული, როგორც უშუალოდ პანდემიის მართვის პროცესთან, ასევე თანმდევ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა კორუფციის რისკები პანდემიის დროს, სახელმწიფო შესყიდვები, განათლების სფეროში განხორციელებული ცვლილებები და ა.შ.;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს არ მოუწვევია სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  • ონლაინ სწავლების საკითხთან დაკავშირებით, განათლების კომიტეტის სხდომაზე არ მოუწვევიათ განათლების მინისტრი. ამ საკითხზე განათლების კომიტეტმა პანდემიის დაწყებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შექმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი;
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის შესრულების ფარგლებში განიხილავდა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ  საბიუჯეტო საკითხებს, თუმცა ცალკე სხდომა ამ საკითხზე, ისევე როგორც სახელმწიფო შესყიდვებზე, არ ჩატარებულა. პარლამენტს ასევე არ გამოუყენებია საპარლამენტო კონტროლის მექანიზები კორონავირუსის პანდემიის დროს კორუფციის გაზრდილი რისკებისა და შესაძლო კორუფციული სქემების გამოსავლენად;
  • საანგარიშო პერიოდში პარლამენტის კომიტეტებს არ შეუმოწმებიათ პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა. იმ პირობებში კი, როდესაც მთავრობას, პანდემიის მართვის დროს, ადამიანის უფლებების შეზღუდვის ფაქტობრივად სრული დისკრეცია მიენიჭა, ამ მექანიზმის გამოყენება, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად  მნიშვნელოვანი იქნებოდა.

კონტროლის მექანიზმების გამოყენების სტატისტიკა

  • ჩატარდა 2 ინტერპელაცია;
  • 2020 წლის მინისტრის საათის განრიგის შესაბამისად, სულ 11 მოსმენა უნდა შემდგარიყო, თუმცა  7 მინისტრის საათი არ ჩატარდა (ლევან დავითაშვილი, ვახტანგ გომელაური, მიხეილ ჩხენკელი, თეა წულუკიანი, დავით ზალკალიანი, ნათელა თურნავა, ქეთევან ციხელაშვილი). ოპოზიციის უმეტესი ნაწილი მინისტრის საათის მოსმენებს ბოიკოტის გამო არ ესწრებოდა. 2021 წელს, ყველა მინისტრის საათი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით ჩატარდა;
  • პანდემიასთან დაკავშირებით 18-მა დეპუტატმა 53 კითხვა გაუგზავნა ანგარიშვალდებულ პირს/ორგანოს, აქედან პასუხი  41-ს გაეცა. 38 კითხვის ავტორი ოპოზიციის, ხოლო 15-ის უმრავლესობის წარმომადგენელი იყო; ყველაზე მეტი კითხვა (13 კითხვა) დასვა უმრავლესობის დეპუტატმა – მიხეილ სარჯველაძემ, ოპოზიციიდან კი – გიორგი კანდელაკმა (12 კითხვა). 12 უპასუხოდ დარჩენილი კითხვის ავტორები კი თითქმის თანაბრად იყვნენ უმრავლესობისა (5) და ოპოზიციონერი (7) დეპუტატები;
  • საანგარიშო პერიოდში შეიქმნა 23 თემატური მოკვლევის ჯგუფი.  აქედან, უშუალოდ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე 6-მა ჯგუფმა იმუშავა. საანგარიშო პერიოდში 6-დან თემატური მოკვლევის 4-მა ჯგუფმა წარადგინა დასკვნა, თუმცა საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მათი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით;
  • ოპოზიციურმა ფრაქციებმა კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირის მოწვევის საკითხი 10-ჯერ დააყენეს, აქედან 4-ჯერ კორონავირუსის თემატიკასთან დაკავშირებით. კომიტეტებზე არ გამოცხადდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე; იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე; შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. უმრავლესობის ფრაქციებს არ დაუბარებიათ კომიტეტზე ანგარიშვალდებული პირები. კომიტეტებმა 9-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, თუმცა ისინი მხოლოდ 6 შემთხვევაში გამოცხადდნენ. კომიტეტების არც ერთი დაბარება არ ეხებოდა  კორონავირუსის თემატიკას;
  • საგანგებო მდგომარეობის დროს (2020 წლის 21 მარტიდან 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით)  პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს და ცალკეულ დეპუტატებს არ გამოუყენებიათ კონტროლის შემდეგი მექანიზმები:
  • მინისტრის საათი;
  • ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი;
  • პარლამენტს არ მოუთხოვია პრემიერ-მინისტრისაგან სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
  • პარლამენტს, კომიტეტებს და ფრაქციებს არ მოუთხოვიათ პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის სხვა პირების მისვლა.

რეკომენდაციები

  • ქვეყნისათვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა არათუ უარი არ უნდა თქვას თავისი ფუნქციის შესრულებაზე, არამედ სრულყოფილად უნდა განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა. განსაკუთრებულ კონტროლს საჭიროებს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც უშუალოდ ეხება ადამიანის უფლებებს;
  • პარლამენტმა, მისი კომიტეტების მეშვეობით სისტემატიურად უნდა შეამოწმოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, რომელიც კოვიდ პანდემიის მართვას შეეხება;
  • კომიტეტებმა სხდომაზე უნდა მოიწვიონ ანგარიშვალდებული პირები და მოისმინონ ინფორმაცია კოვიდ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები და კორუფციის რისკები;
  • მთავრობის წევრები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საპარლამენტო კონტროლს, იმ შემთხვევაშიც, როცა კონტროლის ინიციატორი ოპოზიციაა;  ფრაქციის მიწვევით უნდა გამოცხადნენ კომიტეტის სხდომაზე, დროულად და სრულყოფილად  უპასუხონ სადეპუტატო კითხვებს;
  • პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფებმა ეფექტური ზედამხედველობა უნდა განახორციელონ შემუშავებული რეკომენდაციების მთავრობის მიერ აღსრულებაზე;
  • პარლამენტის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირის დაბარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია თანამდებობის პირის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზთან დაკავშირებით.