2016 წლის 2 მარტს არასამთავრობოთა არაფორმალურმა კოალიციამ ფედერიკა მოგერინის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში მიმართვა გაუგზავნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის სტრუქტურებს შორის ასოცირების დღის წესრიგთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა და კონსულტაციების გაწევა შესთავაზა.
14 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურიდან წერილობითი დადებითი პასუხი მიიღეს. წერილში აღნიშნულია, რომ 2016 წლის მეორე ნახევარში საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის სტრუქტურები გაითვალისწინებენ არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევებს.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სამსახურები აფასებენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას და მათ წვლილს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში.
„თქვენ მიერ მოწოდებული პოლიტიკურმა ცნობარებმა და მონიტორინგის ანგარიშებმა დიდი როლი შეასრულა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე მუშაობისას”- აღნიშნულია წერილში.
საქართველოდან გაგზავნილ წერილს ხელს აწერდნენ წარმომადგენლები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ციხის საერთაშორისო რეფორმა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კავშირი „საფარი”, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ საქართველოდან გაგზავნილი წერილის შინაარსი.
###
საკონტაქტო პირი პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”, მობ: 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge, www.csf.ge