პეტრე ავალიანის ნამუშევრების გამოფენა – Yes, I can!

06.12.2022

პეტრე სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის “ხელი ხელს” ოჯახის წევრია. ინსტიტუციებში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ის ახლა საოჯახო ტიპის საცხოვრისში, დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს. საკუთარ თავში იპოვა ახალი უნარები და შესაძლებლობები და ახლა ის მხატვრობით არის დაკავებული. მის პერონალურ გამოფენას “ღია საზოგადოების ფონდმა” უმასპინძლა.

ორგანიზაცია “ხელი ხელს” 2011 წლიდან “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელებიც შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას სულ უფრო მეტად აუმჯობესებს. ყველაფერი დაიწყო გურჯაანში, სადაც 11 წლის წინ პირველი საოჯახო ტიპის სახლი გაჩნდა. რევოლუციური და ინოვაციური იდეის წარმატებამ კი ორგანიზაციას “ხელი ხელს” საშუალება მისცა, “ღია საზოგადოების ფონდთან’ ერთად სულ უფრო მეტი სიახლე შეეთავაზებინა შშმ პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

ფონდის აქტიური მხარდაჭერით ორგანიზაციამ შეიძინა სახლები; წერა-კითხვა ასწავლა ბენეფიციარებს, რათა შრომით ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობა გაზრდილიყო; ჩატარდა არაერთი საგანმანათლებლო ტრენინგი, რამაც საზოგადოებაში ცნობიერების დონე მნიშვნელოვნად აამაღლა და ხელი შეუწყო სტიგმის დაძლევას; გაკეთდა პერსონალური ასისტირების პროგრამა, რაც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა შშმ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის; ასევე, ფონდის დახმარებით ორგანიზაციამ “ხელი ხელს” პანდემიის რთულ პერიოდში შეძლო თანამშრომლების გადამზადება და ბენეფიციარების უზრუნველყოფა აუცილებელი საჭიროებებით.

ორგანიზაციის “ხელი ხელს” და “ღია საზოგადოების ფონდის” მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, დღეს 50-მდე შშმ პირი ჩაკეტილ ინსტიტუციებში იზოლირებულად ცხოვრების ნაცვლად, საზოგადოებაში, თანასწორ გარემოში ცხოვრობს და არის სოციუმის ღირსეული წევრი.

ფონდის ღია გალერეაში პეტრეს ნამუშევრებთან ერთად გურჯაანის საოჯახო ტიპის საცხოვრებელში დამზადებული უგემრიელესი ჩურჩხელების შეძენა დაგემოვნება შეგიძლიათ. გამოფენა-გაყიდვა კიდევ ერთ კვირას გასტანს.