ავტორი: მარიამ ბეგაძე
მშრომელთა მრავალი განსხვავებული ჯგუფის ჩართულობის გამო, არაფორმალური ეკონომიკა და მისი რეგულირება ბოლო პერიოდში მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ტექნოლოგიურ პროგრესთან და ინტერნეტის ფართო გავრცელებასთან ერთად იზრდება არაფორმალური ეკონომიკის დარგი- – ციფრული პლატფორმების (აპლიკაციების) მეშვეობით განხორციელებული ბიზნესი, ე.წ. გიგ ეკონომიკა. ასეთი ბიზნესის მაგალითებია „გლოვო“, „უბერი“, „ვოლტი“, ასევე დალაგების ან/და ზრუნვის სერვისების მწარმოებელი აპლიკაციები. გიგ ეკონომიკის მზარდ პოპულარობას მსოფლიოში დასაქმების ბაზრის არასტაბილურობაც უწყობს ხელს. სამუშაო ადგილების დეფიციტის პირობებში, ერთი შეხედვით მოქნილი, დასაქმებულზე დამოკიდებული გრაფიკი და შეთავაზებული თავისუფლების ხარისხი უმუშევრობის გადაჭრის მიმზიდველ პერსპექტივად გამოიყურება. სწორედ ამ მიზეზის გამო, ბოლო ათწლეულის განმავალობაში გიგ ეკონომიკა 5-ჯერ, ტრანსპორტირების და მიტანის სერვისების მიმწოდებელი პლატფორმების რიცხვი კი 10-ჯერ გაიზარდა. გიგ ეკონომიკაში ჩართული პირების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა რთულია, თუმცა ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ამერიკაში ზრდასრული მოსახლეობის 22%-მდე, ხოლო ევროკავშირის 16 ქვეყნის მოსახლეობის 9.5%-დან 11%-მდე ციფრული პლატფორმების (აპლიკაციების) საშუალებით ერთხელ მაინც ყოფილა დასაქმებული.
გიგ ეკონომიკაში დასაქმებულ პირებს, ფორმალურად, დამოუკიდებელი კონტრაქტორის სტატუსი აქვთ. თუმცა, მათი უმრავლესობისთვის კონკრეტული ციფრული პლატფორმა დასაქმების ერთადერთი წყაროა. ეს პირები სრული სამუშაო განაკვეთის ფარგლებში ემსახურებიან კონკრეტული ციფრული პლატფორმის მფლობელ კომპანიებს, ასრულებენ მათი კლიენტებისგან მიღებულ შეკვეთებს, რისთვისაც ანაზღაურებას სწორედ ამ კომპანიებისგან იღებენ; კომპანიების ხელშია მათი წახალისებადა მათ წინააღმდეგ დისციპლინური მექანიზმების გამოყენებაც. ამგვარად, ცხადი ხდება, რომ სინამდვილეში, ციფრული პლატფორმის (აპლიკაციის) მფლობელი კომპანიები მნიშვნელოვნად ზღუდავენ ფორმალურად დამოუკიდებელ კონტრაქტორთა ავტონომიურობას (ე.წ. ავტონომიურობის პარადოქსი) და სამუშაოს განხორციელების პროცესში, მათზე იმაზე უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე დამოუკიდებელ პარტნიორებზე ექნებოდათ, თავისუფალ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა სასამართლომ აღიარა, რომ პლატფორმის კომპანიების ხელთ არსებული კონტროლის და დისციპლინირების მექანიზმების გათვალისწინებით, გიგ მშრომელების მოჩვენებითი თავისუფლების უკან, სინამდვილეში, შენიღბული შრომითი ურთიერთობა დგას. შენიღბვის ამ მავნე პრაქტიკას შრომითი უფლებების მასობრივი დარღვევებია ამოფარებული, რის გამოც დასაქმებული პირები და მათი წარმომადგენლები, სასამართლოს მეშვეობით ან გაფიცვების და ლობირების სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ, აიძულონ სახელმწიფო და დამსაქმებლები, აღიარონ ეს დარღვევები და მიიღონ ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად. სწორედ ამგვარი მცდელობების შედეგად, მრავალი ქვეყნის პოლიტიკის დღის წესრიგში დადგა გიგ ეკონომიკაში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვა, კერძოდ, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით, უმუშევრობის ბენეფიტებითა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულების მინიმალური სტანდარტებით მათი უზრუნველყოფა.
წინამდებარე მოკვლევა მიმოიხილავს ციფრულ პლატფორმების (აპლიკაციების) მეშვეობით მომუშავე მშრომელების უფლებებს. აანალიზებს გიგ ეკონომიკის რეგულირების პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსტრუმენტებს, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შუქზე აღწერს შემოღებული რეგულაციების აუცილებლობასა და მიზნებს, ამას გარდა, მოკვლევა მოკლედ შეეხება გიგ ეკონომიკაში დასაქმებული პირების გაერთიანებისა და ორგანიზების გამოცდილებას, ამ პროცესში მიღებულ გაკვეთილებსა და გამოტანილ დასკვნებს.