პოლიტიკური მიზნით მოქმედი კოორდინირებული ცრუ მედია გვერდების ქსელი

01.05.2020

საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის საინფორმაციო ნაკადების გააქტიურება როგორც რუსეთიდან მართული, ასევე ქვეყნის შიგნით შექმნილი საინფორმაციო წყაროების მიერ შეინიშნება. სავარაუდოდ საარჩევნო პროცესზე საინფორმაციო ზეგავლენის მიზნით მომზადებული ინფრასტურქტურის გააქტიურება კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა და შიდა პოლიტიკური აქტორების ინტერესების სასარგებლოდ გააქტიურებული კოორდინირებული „ფეისბუქ“ გვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების მაღალი აქტივობა არჩევნებამდე 6 თვით ადრეც უკვე მკაფიოდ შეინიშნება. აქამდე ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებს ცრუ მედიის გვერდების ახალი მჭიდროდ კოორდინირებული ქსელიც დაემატა, რომლებიც სასურველი გზავნილებისა და ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალური მედიის პლატფორმებს არაკეთილსინდისიერად იყენებენ. მართალია, 2019 წლის 20 დეკემბერს ფეისბუქმა ცრუ მედიის გვერდების უმრავლესობა წაშალა, მაგრამ შედარებით ახალმა ცრუ მედიების გვერდებმა განსხვავებული ტაქტიკით დაიწყეს ოპერირება.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მჭიდრო კოორდინაციის ნიშნების მქონე ცრუ მედია გვერდების ქსელი „ფეისბუქზე“, რომელიც შენიღბულად და ერთგვაროვანი ტაქტიკის გამოყენებით ცდილობს პროსახელისუფლებო გზავნილების არაავთენტურად გავრცელებას და კრიტიკული აზრის დემონიზებას. ეს ცრუ მედია გვერდები პროსახელისუფლებო სტატიების გარდა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო პირებისა და ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართულ დეზინფორმაციასაც ავრცელებენ.

ჯამში, აღნიშნული საინფორმაციო ქსელის ფარგლებში გამოვლინდა:

ცრუ მედიის 14 „ფეისბუქ“ გვერდი ერთი ტაქტიკით მოქმედებს, რაც მათ კოორდინირებაზე მიუთითებს. გვერდების უმეტესობა შექმნილია ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს. „ფეისბუქ“ გვერდების პარალელურად მოქმედებს მათი 14 ვებ-გვერდი და ამდენივე „იუთუბ“ არხი, რომლებიც ასევე დროის ერთსა და იმავე მონაკვეთშია შექმნილი. ცრუ მედიების სახელწოდებები, „ფეისბუქ“ გვერდების დიზაინი და ვებ-საიტების ვიზუალი მიზნად ისახავს მომხმარებელს თავი რეალურ მედიასაშუალებებად მოაჩვენოს.

ცრუ მედიის გვერდების სტატიების ნაწილი შერჩევითად ვრცელდება მრავალათასიანი გამომწერების მქონე „ფეისბუქ“ ჯგუფებში და ამ გზით აღწევს „ფეისბუქის“ მომხმარებლების ფართო აუდიტორიამდე. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებულ 35 ჯგუფში სადაც ცრუ მედიის მასალები ორგანიზებულად ვრცელდება, ჯამურად თითქმის 5 მილიონი წევრია გაერთიანებული.

რიგი ცრუ მედიის გვერდების პოსტების გასავრცელებლად ინტენსიურად გამოიყენება პერსონალური ანგარიშები, რომლებიც დროის მოკლე მონაკვეთში ცრუ მედიების გვერდებზე განთავსებულ პოსტებს სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფებში აზიარებენ. ISFED-ის მიერ იდენტიფიცირებული ერთ-ერთი ასეთი ანგარიში აშშ-ის გარდაცვლილ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც სავარაუდოდ საქართველოდან მიითვისეს და 14 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით ცრუ მედიების გვერდების პოსტების გასავრცელებლად და მრავალათასიან ჯგუფებში ინტერაქციის პროვოცირებისთვის გამოიყენებოდა.

აღსანიშნავია რომ  ცრუ მედიის გვერდების პოსტების კომენტარებში შეინიშნება 50 ყალბი „ფეისბუქ“ გვერდი. ეს გვერდები თითქოს სხვადასხვა ადამიანების სახელით პოზიციონირებენ, თუმცა ყველა მათგანი შექმნილია არა პერსონალური ანგარიშის, არამედ „ფეისბუქ“ გვერდის სახით. მათ სტანდარტული „ფეისბუქ“ გვერდებისთვის დამახასიათებელი ქცევა არ ახასიათებთ და ცრუ მედიის გვერდებზე მასობრივი კომენტარების განთავსების მიზნით აქტიურობენ.

კოორდინირებული ცრუ მედიების ქსელი

„სამართლიანმა არჩევნებმა“ „ფეისბუქზე“ საეჭვო კოორდინირიებული ცრუ მედიის გვერდების ქსელი აღმოაჩინა, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის პირობებში პროსახელისუფლებო გზავნილების გარდა, ოპოზიციურ პარტიებთან, ლიდერებთან, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ საჯარო პირებთან და მედიასთან დაკავშირებით დისკრედიტაციულ გზავნილებს ავრცელებენ. ჯამში აღმოჩენილია 14 ვებ-საიტი შესაბამისი „ფეისბუქ“ გვერდებით, რომლებიც მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და ორგანიზებულად მოქმედებენ. ადრე გამოვლენილი ცრუ მედიის გვერდებისგან განსხვავებით, რომლებიც აუდიტორიას პოსტების მასობრივად დასპონსორებით ზრდიდნენ, ეს გვერდები, როგორც წესი, პოსტებს არ ასპონსორებენ, არამედ აუდიტორიის მოკრებვას მრავალათასიანი „ფეისბუქ“ ჯგუფების გამოყენებით ცდილობენ. მათი სამიზნე როგორც პოლიტიკური, ასევე გასართობი, კონკრეტული ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული „ფეისბუქ“ ჯგუფებია.

რა ქცევაში ვლინდება კოორდინაცია?

რეგისტრაციის ერთი თარიღი: გამოვლენილი 14 კოორდინირებული ცრუ მედიის გვერდიდან 11 ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს შეიქმნა. 22 ივნისს მოცემულ გვერდებს კიდევ ერთი, ხოლო 25 ივნისს ორი გვერდი შეემატა. ამ ცრუ მედიების „ფეისბუქ“ გვერდების დასახელებების ინგლისურ-ქართული ხელწერა და ლოგოების დიზაინი მსგავსია.

რეალური მედია საშუალების კლონირება: ამ გვერდების ნაწილის ლოგო, დიზაინი და დასახელება, რეალური მედია-საშუალებების მსგავსია, მაგალითად ერთ-ერთი მათგანის სახელია „Interpressnet“, ხოლო ლოგოზე გამოხატულია აბრევიატურა  – „IPN“.  ამ ცრუ მედიის ლოგოს დიზანი და გვერდის სახელწოდება წარმოადგენს რეალური მედია საშუალების „ინტერპრესნიუსის“ კოპირებას და სავარაუდოდ, მიზნად ისახავს „ფეისბუქ“ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.

იხილეთ სრულად

 

NEWS

MULTIMEDIA