პრემიერმინისტრობის კანდიდატი, რომლის ბრალეულობა გამოსაძიებელია

07.09.2019

“მე მიკვირს, როგორ ახერხებს ეს ხელისუფლება დაემსგავსოს წინა ხელისუფლებას, რომელმაც უმძიმესი შეცდომები დაუშვა. განსაკუთრებით, ეს ბოლო პერიოდი- ძალადობრივი დარბევა და ამის შემდეგ პრემიერმინისტრად იმ ადამიანის შერჩევა, რომელიც ძირითადი პასუხისმგებელი იყო უშუალოდ ამ პროცესზე. ჩვენ არ გვითქვამს, რომ პრინციპულად მიუღებელია დღეს და საერთოდ გახარიას კანდიდატურა. ჩვენ გვახსოვს, რომ დარბევის შემდეგ ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ დაიწყო მიუკერძოებელი დარბევა და გახარიამაც თქვა, რომ თუ გამოძიება სისტემურ დარღვევბს აღმოაჩენს მზად ვარ გადავდგეო. შედეგი გამოძიებისა არ გვინახავს, არც პროკურატურას უთქვამს რამე და არც სასამართლოში წასულა საქმე. ამიტომაც ვეუბნებით პარლამენტს, ნუ დაუჭერთ მხარს ადამიანს, რომლის ბრალეულობა ჯერ არ ვიცით. მე მიჭირს დავაბრალო გახარიას, რომ ის არის სრულად პასუხისმგებელი ამ მძიმე შეცდომებზე, მაგრამ თუ არის, იქნებ ვაცადოთ გამოძიებას ამის დადგენა” – ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი, გადაცემა “პირველების” ეთერში.

6 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს მიმართეს, რომ მან არ დაუჭიროს მხარი გახარიას კანდიდატურას, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ დასრულებულა 20-21 ივნისის აქციების გამოძიების პროცესი და არ არის გარკვეული სამინისტროს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენა არის საჯარო პოლიტიკური დაპირების შეუსრულებლობა და საზოგადოების კრიტიკული განწყობების უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა მძიმე დარტყმას მიაყენებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ისედაც სუსტ და მყიფე ნდობას და არსებითად გამორიცხავს მიმდინარე გამოძიების ობიექტურად და სამართლიანად დასრულების შესაძლებლობას.