პროექტი ჩემი ამბავი

17.05.2015

ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ” დაიწყო პროექტი ‘ჩემი ამბავი’, რომელიც სხვადასხვა პრობლემების მქონე ადამიანების ისტორიებს ფილმების საშუალებით მოგვითხრობს. ფილმებისთვის შერჩეული ადამიანების და მათი მსგავსი პრობლემების მქონე მოქალაქეების უფლებები ხშირად ირღვევა და ისინი სტიგმის და არასწორი მოპყრობის მსხვერპლნი არიან.

ფილმების გადაღების მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება და მოქალაქეების დამოკიდებულებების შეცვლა ფსიქიკური თუ ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ან მძიმე სამედიცინო დიაგნოზის მქონე ადამიანების მიმართ, მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირება და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ფილმებში მოთხრობილი ამბები, რესპონდენტთა განწყობა და თხრობის სტილი მოცემული პრობლემატიკის  ფართო კონტექსტში გააზრების და განზოგადების საშუალებას იძლევა. მიუხედავად ისტორიების სიმძიმისა, ფილმები მნახველს პოზიტიურ განწყობას უქმნის და სწორი დამოკიდებულების სურვილს ბადებს, ხოლო იმედისმომცემია მათივე პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

ამ ეტაპზე სამი ფილმია მომზადებული.

სანდრო- ახალგაზრდა, რომელსაც აუტიზმი აქვს. სანდრო ხატავს, დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და სტაჟირებას გადის ილიას უნივერსტეტში. სანდრო არის დადებითი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ინტეგრირდეს საზოგადოებაში მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანი.

 

ნინო – ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ლიმფომის და ლეიკემიის დიაგნოზი აქვს, იგი გადასახლდა ცხვარიჭამიაში, გაერიდა საზოგადოებას, რომელიც სტრესულ გავლენას ახდენდა მასზე. ნინო საკმაოდ აქტიურად და ხალისიანად ცხოვრობს, დასაქმებულია ბიზნესკომპანიაში. მიაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციურ ფონს, მას სჯერა, რომ ადამიანის შეუძლია იპოვოს ძალები საკუთარ თავში და გააგრძელოს ხარისხიანი ცხოვრება უმძიმესი დაავადების პირობებშიც კი. ამ ფილმში აქცენტი პაციენტის და ექიმის ურთიერთობაზე და ექიმის მიერ პაციენტთან სწორ კომუნიკაციაზეც არის.

ქალბატონი მარიამი, რომელსაც პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს. წლების მანძილზე წარმატებულ აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ საქმიანობას ჩამოშორდა და დაცინვის ობიექტი გახდა. იგი გვიყვება მის ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე მის მიმართ, ასევე მის სურვილზე რომ სოციუმი გახდეს უფრო ჰუმანური „მისნაირი” ადამიანების მიმართ .