პროფესიული სამოთხე – ასე იხსენებს ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე ზალცბურგის სამედიცინო სემინარებს, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით უკვე რამდენჯერმე ჰქონდა. ზალცბურგის სამედიცინო სემინარები არის პლატფორმა, სადაც ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში მომუშავე პირები კოლეგებისთვის ცოდნის გასაზიარებლად ერთიანდებიან. აქ მიღებული გამოცდილება პირდაპირ კავშირშია ადგილობრივ დონეზე ექიმების კომპეტენციებისა და პაციენტების მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებასთან.
ზალცბურგის სამედიცინო სემინარები არის ნაწილი იმ საქმიანობისა, რომელსაც საქართველოში ღია სამედიცინო ინსტიტუტი (OMI) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. 1994 წლიდან, ზალცბურგის სამედიცინო სემინარებში მონაწილეობა მიიღო 536-მა სამედიცნო და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულმა სპეციალისტმა; ავსტრიის სხვადასხვა კლინიკებში სტაჟირება გაიარა 179-მა ექიმმა და საქართველოში 22 სატელიტური სიმპოზიუმი გაიმართა.
„ეს არის სრულად ჯადოსნური სივრცე, სადაც უწყვეტ ნაკადად მოედინება ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც კლინიცისტ ექიმს სჭირდება ყოველდღიურ საქმიანობაში. აქ არის საშუალება, რომ გაიგო, რა ხდება სხვაგან, როგორ უყურებენ თუ როგორ მართავენ სხვადასხვა სამედიცინო შემთხვევას. ყველა პროფესორი ღიაა, რომ აზრი გაგიზიაროს, გასწავლოს, რაც ამ გამოცდილებას მეტად შთამბეჭდავად და პრაქტიკულად აქცევს. რაც მთავარია, ზალცბურგის სემინარებზე მიღებული ცოდნა პირდაპირ ითარგმნება უკეთესი მკურნალობის ხარისხში – შეძენილი კომპეტენცია პირდაპირ აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე“, აღნიშნავს ნათია ვაშაყმაძე.
ზალცბურგის პირველივე სემინარიდან დაბრუნების შემდეგ, ნათია ვაშაყმაძემ საქართველოში სატელიტური სიმპოზიუმი გამართა. ახალგაცნობილი კოლეგების, ღია სამედიცინო ინსტიტუტის მენეჯმენტისა და სპონსორების მხარდაჭერით, მოწვეული პროფესორები და ქართველი ექიმები დიაბეტოლოგიის სფეროში ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად შეიკრიბნენ.
„ეს იყო ტრამპლინი და დიდი მოტივაცია იმისა, რომ დამეარსებინა ორგანიზაცია, რომელიც ბევრი სხვა აკადემიური საქმის ორგანიზატორი იქნებოდა ჩემს სფეროში“, აღნიშნავს ნათია. მართლაც, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციამ (GAEM) ათი საერთაშორისო ღონისძიება დააორგანიზა მსოფლიო დონის პროფესორების მონაწილეობით, მათ შორის, სატელიტური სიმპოზიუმი ლიპიდოლოგიის მიმართულებით. აღნიშნულ შეხვედრებზე დასწრების მსურველთა როადენობა ღონისძიებიდან ღონისძიებამდე იზრდება, მაგ., ბოლოს გამართულ საერთაშორისო კონფერენციას 250-ზე მეტი ქართველი ექიმი ესწრებოდა. მათ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდნენ საერთაშორისოდ აღიარებული დარგის ექსპერტები ლიპიდოლოგიაში, თირეოიდოლოგიაში, რეპროდუქტოლოგიაში და სხვ.
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM) ზრუნავს ქართველ ექიმებზე არა მხოლოდ მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებით, არამედ ასოციაციის მიერ ნათარგმნი და გამოცემულია ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საერთაშორისო გაიდლაინები (ETA, ATA, The endocrine society) და უსასყიდლოდ ხელმისაწვდომია ასოციაციის ვებ გვერდზე. გარდა ამისა, ასოციაცია ზრუნავს პაციენტთა განათლებაზეც და გამოცემული აქვს პაციენტების საინფორმაციო ბროშურები სხვადასხვა მიმართულებით.
თავისი კარიერის დასაწყისში ნათია ზალცბურგის სამედიცინო ლიდერობის სემინარებსაც დაესწრო, სადაც მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ამ ყოველივეს დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
ზალცბურგის 2024 წლის სემინარების განრიგს ნახავთ ბმულზე.
ნათია ვაშაყმაძე, ექიმი ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.