ერთიანი საქართველო ევროპისთვის

11 დეკ, 2023
იხილეთ სრული ვერსია

ერთიანი საქართველო ევროპისთვის – ასე ჰქვია ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა, კონრად ადენაუერის ფონდთან (KAS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან (IJH) ერთად დაიწყო.

3 მილიონზე მეტი ბიუჯეტით, პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით. ამასთან, პროექტის მიზანია, გააძლიეროს დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდები, მედია, ბიზნესი, ახალგაზრდა ადვოკატები და აქტივისტები; ხელი შეუწყოს  სამეცნიერო კვლევებსა და საზოგადოებრივ დიალოგს; მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებას.

პროექტის პრეზენტაციაზე, აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა.

პრეზენტაციაზე, პროექტის შესახებ საკუთარ ხედვები წარმოადგინეს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა შტეფან მალერიუსმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) კოორდინატორმა ირმა დიმიტრაძემ.