პედაგოგის ციფრული კომპეტენცია

23 მაი, 2022
იხილეთ სრული ვერსია

დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სასწავლო პროცესი ონლაინ სივრცეშიც ინტერაქტიულად და საინტერესოდ წარვმართოთ და, ამავდროულად, ეს პროცესი უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. უფასო და მარტივად მოსახმარი ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებისთვისაც მხოლოდ კომპიუტერული სისტემა და ინტერნეტთან კავშირია საჭირო, საგრძნობლად ზრდიან სასწავლო პროცესის პროდუქტიულობას.

მოცემულ სახელმძღვანელოში სწორედ ასეთი ინსტრუმენტები და მათი გამოყენების ხერხები იქნება განხილული. გაკვეთილებში მათი ინტეგრირებით პედაგოგი შეძლებს, რომ არსებული რეალობის მიუხედავად, შეინარჩუნოს სასწავლო პროცესის ეფექტურობა და ინტერესი მოსწავლეების მხრიდან.

სახელმძღვანელო დიდწილად შეეხება გუგლის (Google) უფასო ეკოსისტემას. დამატებით იქნება განხილული რამდენიმე სასარგებლო ინსტრუმენტი, რაც სხვადასხვა დროს, სასწავლო პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა კონკრეტული მიზნის მისაღწევად გამოგვადგება.

სასწავლო პროცესი პირობითად შესაძლებელია დაიყოს შემდეგ ნაბიჯებად:

  1. სწავლების ძირითადი მიზნების დასახვა;
  2. სილაბუსის შემუშავება და კონკრეტული სასწავლო აქტივობების დაგეგმვა;
  3. ტესტირების და მასალის ათვისების ხარისხის შემოწმების ხერხების განსაზღვრა;
  4. კონკრეტული გაკვეთილების გამდიდრება მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით;
  5. სილაბუსით გათვალისწინებული აქტივობების დროში გადანაწილება და განრიგის შეთანხმება მოსწავლეებთან;
  6. სასწავლო პროცესის უშუალოდ წარმართვა ონლაინ რეჟიმში;
  7. საშინაო დავალების მიცემა, ჩაბარება და ტესტირების/გამოცდების ჩატარება;
  8. მოსწავლეებთან მუდმივად ღია საკომუნიკაციო არხის უზრუნველყოფა, სწავლების პროცესის ძირითადი მიზნების მისაღწევად.

რასაკვირველია, ეს ჩამონათვალი პირობითია, და თითოეული მასწავლებლის სწავლების სტილისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში სხვადასხვა კორექტივები შეგვიძლია შევიტანოთ. ამავდროულად, მიუხედავად სპეციფიკისა, ნებისმიერ სასწავლო პროცესში პირობითად სამი მსხვილი ეტაპის არსებობა მოიაზრება: სასწავლო პროცესისთვის მომზადება, სასწავლო პროცესის წარმართვა და მიღწეული შედეგების შეფასება. ამ ეტაპების გამოყოფა დაგვეხმარება უფრო თვალსაჩინოდ დავინახოთ, თუ როგორ შეგვიძლია თითოეულ ეტაპზე ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება, და კონკრეტულად რა როლი ენიჭება მათ ამ ეტაპის წარმატებით განხორციელებაში.