თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში

17.09.2021

კვლევის ხელმძღვანელები: მერაბ ქართველიშვილი ნინო ბაღაშვილი
კვლევის ავტორები: გიორგი ჭანტურია მერი ქადაგიძე
რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი ტექნიკური რედაქტორი: ირაკლი სვანიძე

თანასწორობის პრინციპების დაცვა და ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრა ზოგადი განათლების სისტემაში წარმოადგენს როგორც განათლების სოციალურ ფუნქციას, ასევე ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.

სასკოლო  სახელმძღვანელოები  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  დანერგვის  ერთ-ერთი  ძირითადი  მექანიზმია, განსაკუთრებით იმ სისტემებში, სადაც მასწავლებლების კომპეტენციებისა და სწავლების ახალი მიდგომების გამოყენების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს. გარდა ამისა, სახელმძღვანელო, ცოდნის კონსტრუირებასთან ერთად, სოციალური  და  იდეოლოგიური  ფუნქციის  მატარებელია და დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ფორმირებაზე. შესაბამისად, ხარისხიანი სახელმძღვანელოს ფართო გაგება ეფუძნება დაშვებას, რომ ის, როგორც ძირითადი სასწავლო რესურსი, ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებისთვის უნივერსალური ღირებულებების, თანასწორობის, მრავალფეროვან საზოგადოებაში ინდივიდის ინტეგრირებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის საჭირო სხვა უნარების განვითარებას.

წინამდებარე ნაშრომის ფარგლებში განხორციელებული კვლევის მიზანია ზოგადი განათლების სისტემაში სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავებისა და შეფასების პოლიტიკის ანალიზი თანასწორობის უზრუნველყოფისა და ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონტექსტში.

ნაშრომის პირველი ნაწილი აღწერს სასკოლო სახელმძღვანელოების პოლიტიკის ფორმირების საერთაშორისო პრაქტიკას როგორც განათლების სისტემის მართვის ფორმის, ასევე ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის კონტექსტში. ძირითადი ტენდენციების ასახვის მიზნით, ნაშრომში აღწერილია როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნების გამოცდილება. სახელმძღვანელოების შერჩევისა და შეფასების ანალიზი განხორციელდა მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ნაშრომის მეორე ნაწილში მიმოხილულია საქართველოში ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით შემუშავებული პოლიტიკა ზოგადი განათლების სისტემაში. კერძოდ, სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ძირითადი მდგენელების გათვალისწინებით, ნაშრომში განხილულია ზოგადი განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ნორმატიული და სტრატეგიული დოკუმენტები. ასევე, გაანალიზებულია მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტების თავსებადობა თანასწორობის პრინციპებთან. ამასთან, კვლევის ძირითადი მიზნიდან გამომდინარე, ნაშრომში აღწერილია სახელმძღვანელოების შემუშავებისა და დამტკიცების წესის ცვლილება ისტორიულ ჭრილში და გაანალიზებულია არსებული მექანიზმის ძირითადი მახასიათებლები თანასწორობისა და ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონტექსტში.

სახელმძღვანელოების შემუშავებისა და დამტკიცების არსებული მოდელის, ასევე თავად სახელმძღვანელოების შესაბამისობა თანასწორობის პრინციპებთან მიმოხილულია ნაშრომის მესამე ნაწილში, თვისებრივი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. წიგნების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესის ანალიზი აქცენტს აკეთებს როგორც სახელმძღვანელოების შექმნასა და შეფასებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, აგრეთვე ამ პროცესში სკოლებისა და მასწავლებლების ჩართულობაზე. რაც შეეხება სახელმძღვანელოების კონტენტანალიზს, კვლევის მიზნებისთვის, მათი შინაარსისა და დიზაინის თანასწორობის პრინციპებთან შესაბამისობის დასადგენად, გამოყენებულია ჩარჩო, რომელიც ეფუძნება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს ავტორებისა და სახელმძღვანელოს შემფასებლებისთვის, ასევე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ 2016 წელს სახელმძღვანელოს კვლევისთვის გამოყენებულ მეთოდოლოგიას.

კვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები გამიზნულია როგორც სახელმძღვანელოების შექმნისა და შეფასების პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიმღები ინსტიტუციების, ისე სამოქალაქო სექტორისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომლებიც ამ პროცესში პირდაპირი ან ირიბი ფორმით მონაწილეობენ.

 

 

თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში by OSGF on Scribd

სიახლეები

მულტიმედია