30 მაისს, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა კვლევის დოკუმენტის „უმცირესობა უმრავლესობაში – პროცედურული ომი და არჩევნების შემდგომი კრიზისი საკრებულოებში“ პრეზენტაცია.
კვლევა შეეხება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, სენაკი, რუსთავი) შექმნილ კრიზისს, მის მიმდინარეობას, გამომწვევ მიზეზებსა და მიღებულ თუ მოსალოდნელ შედეგებს; დოკუმენტი აგრეთვე ეთმობა ამ საკრებულოთა რეგლამენტების მნიშვნელოვანი დებულებების მიმოხილვას, რომლებიც საკრებულოების საქმიანობის პროცედურებს აწესრიგებს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია საკრებულოში არსებულ სიტუაციაზე, სამართლებრივ ხარვეზებსა და კრიზისიდან გამოსავლის გზებზე.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 6-ვე საკრებულოში კრიზისის ძირითადი მიზეზი პარტიებს შორის მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია იყო. მათთვის გადაულახავ წინააღმდეგობად ერთმანეთთან კონსესუსი და თანამდებობებზე ერთიანი კანდიდატების წარდგენა იქცა. შეთანხმების პროცესი თვეები გაგრძელდა, რამაც ამ საკრებულოების საქმიანობის დაწყება მნიშვნელოვნად შეაფერხა.
ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოებმა ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთმანეთთან შეთანხმების შედეგად, რამდენიმე მცდელობის შემდეგ აირჩიეს თანამდებობის პირები და საწყისი პოლიტიკური კრიზისი, შეიძლება ითქვას, რომ მოგვარდა. აქ ამ პროცესს „ქართული ოცნება“ სრულად გამოეთიშა. რაც შეეხება დანარჩენ ორ საკრებულოს, სენაკში ოპოზიციიდან პროპორციული წესით არჩეული ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობას „ქართული ოცნება“ უცხადებს ბოიკოტს, ბათუმში კი იგივე გზას ოპოზიცია მიმართავს და მმართველ პარტიას არ აძლევს საშუალებას, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული მაჟორიტარი წევრი დაიმატოს.
კვლევამ გამოავლინა აგრეთვე, რომ არც თვითმმართველობის კოდექსი და არც საკრებულოთა რეგლამენტები არ აღმოჩნდა მზად მსგავს პოლიტიკურ კრიზისებთან გასამკლავებლად. მოქმედი კანონმდებლობით, თუკი ბოლო სხდომის შემდეგ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ეს საკრებულოები არ შეიკრიბებიან, მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ და რიგგარეშე არჩევნებამდე ორივე მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა დაინიშნება. ამ გამოსავლის მიღმა, კანონმდებლობა სხვა ანტიკრიზისულ მექანიზმებს არ ითვალისწინებდა, რაც პოლიტიკური დაპირისპირების პარალელურად, ხელს უშლიდა მუნიციპალიტეტის ორგანოთა გამართულ ფუნქციონირებას. ამდენად, დოკუმენტში განხილულია პროცედურულ სამართლებრივ ნორმათა ხარვეზები და შემოთავაზებულია წინადადებები მათ გასაუმჯობესებლად.