ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რიგაში ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის მონიტორინგის ანგარიში წარადგინეს

20.05.2015

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე ორი დღით ადრე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რიგაში ევროპასთან ასოცირების დღის წესრიგის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.

ღონისძიება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მხარდაჭერითა და ორგანიზებით 19 მაისს რიგაში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ლატვიაში”ჩატარდა პროექტის „ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის მონიტორინგი” ფარგლებში.

ანგარიშის პრეზენტაცია გახსნეს ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელმა დირკ შუბელმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ  მაკაროვსიმ, საქართველოს ელჩმა ლატვიაში თემურ ჯანჯალიამ, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი სფეროების მონიტორინგის ანგარიშები მოამზადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „ციხის საერთაშორისო რეფორმა”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, კავშირი „საფარი”, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”.

მონიტორინგის ანგარიშები ეხება შემდეგ საკითხებს:

●      კანონის უზენაესობა და პროკურატურის რეფორმა საქართველოში;

●      კორუფციასთან ბრძოლა;

●      არაჰუმანური მოპყრობა და წამება;

●      ბავშვთა, ქალთა, დასაქმებულ მოქალაქეთა უფლებების დაცვა.

საქართველოში ანგარიშის პრეზენტაცია ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

 

NEWS

MULTIMEDIA