ქართველი ავარელები: ჩაკეტილობა განვითარების წინააღმდეგ

19.06.2018

კვლევა მომზადდა და პუბლიკაცია გამოიცა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების ინსტიტუტის მიერ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. 2018, ავტორი: გია ნოდია

ავარელთა პერსპექტივები და გამოწვევები

ქართველ ავარელთა თემის ძირითად გამოწვევად შეგვიძლია ჩავთვალოთ მისი ჩაკეტილობა და იზოლირებულობა, რაც, თავის მხრივ, აფერხებს ახალგაზრდათა შანსებს, განვითარდნენ და ქართულ საზოგადოებაში წარმატებას მიაღწიონ. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია დაბალი მოტივაცია განათლების სფეროში: ახალგაზრდების უმრავლესობა არ იჩენს ამბიციას, ცხრა კლასის შემდეგ განათლება გააგრძელოს, ხოლო თუ ასეთი ამბიცია გაჩნდა, ახალგაზრდები სწავლის გაგრძელების პერსპექტივას უფრო  მეტად დაღესტანს ან რუსეთის სხვა რეგიონებს უკავშირებენ. განსაკუთრებით სუსტია განათლების მოტივაცია გოგონებში, რადგან ტრადიციული თემი ქალის როლს შიდაოჯახურ ფუნქციას უკავშირებს. ამავე დროს, როგორც კვლევამ, ისე თემთან ურთიერთობამ კავკასიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის
ფარგლებში გამოავლინა, რომ ახალგაზრდა ავარელებს რეალურად აქვთ საიმისო ინტერესი, რომ მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ ქართველ თანატოლებთან და უფრო აქტიური როლი ითამაშონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით. ზოგადად, თემი უაღრესად კეთილგანწყობილია საქართველოში ცხოვრების პერსპექტივის მიმართ და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მაღალი შრომითი მიგრაციის პირობებში მისი მომავალი კითხვის ქვეშ დგება. სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თვით ქართველ ავარელთა მეტი აქტიურობის შემთხვევაში რეალისტურია, რომ ავარელთა თემი ქართულ საზოგადოებაში უფრო ინტეგრირებული და წარმატებული გახდეს.

ქართველი ავარელები: ჩაკეტილ… by on Scribd