ქურთული თეატრი საქართველოში- ალბომის პრეზენტაცია

28.11.2021

27 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ალბომის „ქურთული თეატრი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

სამენოვანი ალბომი (ქურთული, ქართული, ინგლისური) „ქურთულ-ქართულმა სოციო-კულტურულმა პლატფორმამ“ მოამზადა და მიზნად ისახავს ქურთული თეატრალური ხელოვნების წარმოჩენას, ქურთული/იეზიდური კულტურული თვითმყოფადობის გაცნობას ფართო აუდიტორიისთვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქურთული თემის მონაწილეობის გააქტიურებას.

ალბომი საინტერესოა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი თემისთვის თუ ეთნიკური ჯგუფისთვის, რადგან არა მხოლოდ თეატრისა და მისი წარსული ცხოვრების, არამედ ქურთულ/იეზიდური თემის ყოველდღიურობის, ადათ-წესებისა და  ტრადიციების შესახებაც გვიამბობს. ის აერთიანებს თეატრის ძველ აფიშებს, პროგრამებს, რეცენზიებს, ფოტოსურათებს თეატრის ცხოვრებიდან, ფოტოებს იეზიდური სიმბოლიკით და სხვა მასალას.

ალბომის საავტორო ჯგუფმა საპუბლიკაციო მასალები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, არქივებში, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქურთული თეატრის მსახიობებისა და მათი ახლობლების პირად არქივებში მოიძია. მათ შორის, მნიშვნელოვანი მასალები აღმოაჩინეს ცნობილი ქურთი ჟურნალისტის, საზოგადო მოღვაწის, აღმოსავლეთმცოდნე ქერიმ ანყოსის პირად არქივშიც.

პუბლიკაცია გავრცელდება საჯარო, სასწავლო, უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში, უმცირესობათა თემებში, გაიგზავნება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქურთულ/იეზიდურ თემშიც. პროექტის ფარგლებში პუბლიკაციის წარდგენა იგეგმება ასევე საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც ქურთული თემის წარმომადგენლები შედარებით კომპაქტურად ცხოვრობენ – თელავსა და ბათუმში.

პრეზენტაციაზე მხატვარმა ქეთი მატაბელმა ქურთულ ეროვნულ კოსტუმებში შემოსილი თოჯინები წარმოადგინა. ღონისძიებაზე, ასევე მოეწყო ქურთული თეატრალური ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათებისა და სამახსოვრო ბარათების გამოფენა, რიგითი მოქალაქეების მონაწილეობით წარმოდგენილ იქნა სკეჩი, რომელიც ტიპურ იეზიდთა ოჯახს ასახავს თავისი ტრადიციებით და დღევანდელობის გათვალისწინებით.

„ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა იდენტობის დაცვა კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, შესაბამისად, ჩვენი პროექტი თავისი არსით აღნიშნულ საკითხს ეხმიანება და ვიმედოვნებთ, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქურთულ/იეზიდური თემის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის  გასააქტიურებლად და ფართო საზოგადოებასთან დასაახლოებლად,“-ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდი.

NEWS

MULTIMEDIA