2021 წელი მრავალმხრივი სირთულეებითა და გამოწვევებით გამოირჩეოდა. ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები საარჩევნო გარემოს და მედიის მდგომარეობას უკავშირდებოდა და წლის მანძილზე მრავალჯერ გაჩნდა შეკითხვა ქვეყნის დემოკრატიის მიმართულებით სვლასთან დაკავშირებით.
წლის ერთ-ერთი მძიმე დღე 5 ივლისია. ამ დღეს პროფესიული მოვალეობის შესრულების და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვის გამო 53 ჟურნალისტი დაზარალდა და მსხვერპლით დასრულდა. ამ შემთხვევის შემდეგ, ღია საზოგადოების ფონდის დახმარებით უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დასახმარებლად იურიდიული დახმარების უფასო პროგრამა დაიწყეს.
ფონდის დახმარებით 10-მდე არჩევნების თემაზე მომუშავე ორგანიზაცია ჩაერთო წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგში. არჩევნების დღეს, ისინი პროცესს აკვირდებოდნენ, დარღვევებს აგროვებდნენ და მედიაცენტრის მეშვეობით აცნობდნენ საზოგადოებას დაკვირვების შედეგებს.
2021 წელს ჩვენი მუშაობა განსაკუთრებით შედეგიანი იყო შრომის უფლებების მიმართულებით. წლის მანძილზე, ფონდის პარტნიორებმა უფასო იურიდიული დახმარება გაუწიეს ათობით შრომისუფლებადარღვეულ მოქალაქეს; შევიმუშავეთ არაფორმალურ მშრომელთა სოციალური დაცვის სარეფორმო ხედვა; ვეხმარებოდით პროფკავშირებს გაძლიერებასა და ახალი წევრების მოზიდვაში; ვცდილობდით, სამოქალაქო და პოლიტიკური საზოგადოების ყურადღება სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა უფლებების დაცვისკენ მიგვეპყრო.
გარდა ამისა, ხელი შევუწყეთ ურბანული აქტივისტების, სამეზობლოების გააქტიურებას, რომ დაეცვათ თავიანთი უფლება საჯარო და მწვანე სივრცეებზე, ემუშავათ მდგრად გარემოსდაცვით და ურბანულ პოლიტიკაზე; ვახალისებდით საზოგადოებრივ განხილვებს მდგრადი განვითარების და სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ.
ვმუშაობდით ღირსეული საცხოვრებლის პოლიტიკაზე; მოვამზადეთ საკანონმდებლო ხედვა, საბინაო ფონდის შექმნის შესახებ, სახელოვნებო ინსტრუმენტების გამოყენებით, ვცდილობდით, წაგვეხალისებინა დისკუსია უსახლკაროების სტრუქტურული მიზეზებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე.
წლის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი პოზიციით წარდგენა ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში. ამ აქტივობის შედეგად, 2021 წლის 26 იანვარს გაეროს წევრმა ქვეყნებმა სამოქალაქო საზოგადოების მიერ გაზიარებული თითქმის ყველა თემა რეკომენდაციის სახით გააჟღერეს.
ფონდის და მისი პარტნიორების ძალისხმევით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. მომზადდა და საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა „შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა“. 2021 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების შესახებ, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საცხოვრებელი და ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება.
შეფასდა ზრდასრულთა პალიატიური მზრუნველობის სერვისები ქვეყნის მასშტაბით, რაც პალიატიური მზრუნველობის 4 წლიან სტრატეგიას დაედო საფუძვლად. ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ბავშვთა ჰოსპისი @ციცინათელების ქვეყანა პანდემიის მიუხედავად, 100-მდე ბავშვს მოემსახურა ბინაზე და ჰოსპისის სივრცეში.
შემუშავდა ზიანის შემცირების აკადემიური კურსი, რომელიც საცდელად რამდენიმე უნივერსიტეტში დაინერგება, ასევე პროფესიული განათლების კურსი, რომელიც შსს პოლიციის აკადემიაში განხორციელდება.
პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით შესაძლებელი გახდა, გაგრძელებულიყო პანდემიის შედეგად გამწვავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მდგომარეობის მართვა. სხვადასხვა სერვისებთან თანამშრომლობით შეიქმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ჯაჭვი საბაზო ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალიზებული სერვისების მისაღებად.
2021 წელს გაგრძელდა უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა კოვიდპანდემიის შედეგად ფინანსური ვალდებულებების და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის. მოქალაქეებთან ურთიერთობის პროცესში შესწავლილ იქნა სასესხო-საკრედიტო ხელშეკრულებები ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის, რაც საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველი შეიძლება გახდეს.
ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (Links) ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებმა ათობით ახალგაზრდამ შეძლო პროფესიული უნარების განვითარება და დასაქმება, გადამზადდა პროფესიული სასწავლებლის 15 პედაგოგი. ქვემო ქართლში მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციის დახმარებით უკვე მესამე წელია ეთნიკურად აზერბაიჯანელ, მძიმე ეკონიმიკურ მდგომარეობაში მყოფ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის უფასოდ მომზადებაში ვეხმარებით. სამცხე-ჯავახეთში ჩამოვაყალიბეთ 6 სათემო ორგანიზაცია. გამოიცა უდიური ენის დამხმარე სახელმძღვანელო.
ევროინტეგრაციის მიმართულებით წინ გადადგემული ნაბიჯები არ ყოფილა. დღემდე არ არსებობს ასოცირების დღის წესრიგი, რომლის შესრულებაზე დაკვირვებაც ფონდს და მის პარტნიორებს მისცემდა შესაძლებლობას, რომ შეეფასებინათ ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხარისხი დასავლელი პარტნიორების მიმართ.
ფონდი მადლობას უხდის ამ საქმიანობის განმახორციელებენ კოალიციებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და მოქალაქეებს.