რას გვასწავლის დედაისტორია

29.11.2016

წყარო: ლიბერალი, ავტორი: ზურაბ ვარდიაშვილი, 25 ნოემბერი 2016

16 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ი. ნ. კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. სკოლაშიც იქვე სწავლობს. რამდენიმე წლის წინ მშობლებმა ის აზერბაიჯანულენოვანი ადგილობრივებით კომპაქტურად დასახლებული სოფლიდან აქ გადმოიყვანეს. შედეგად, ი.ნ. გამართულად საუბრობს ქართულად და სხვა საგნებშიც წარმატებები აქვს.

„იქ მასწავლებლების ნაწილმა ძალიან ცუდად, ნაწილმა კი საერთოდ არ იცოდა ქართული, – მიყვება ი. ნ. – ჩემს მშობლებს ყოველთვის უნდოდათ, უნივერსიტეტში მესწავლა და იურისტი გამოვსულიყავი. ამისთვის ქართულის კარგად ცოდნაა აუცილებელი”. ჩვენ სოფლის ბიბლიოთეკის ეზოში, ქვებით შემორაგულ მაგიდასთან ვსხედვართ. ი.ნ. ბიბლიოთეკას ხშირად სტუმრობს, თუმცა, წუხს, რომ ის თანამედროვე ლიტერატურით არ მარაგდება და მხოლოდ მოძველებული, საბჭოთა დროს გამოცემული წიგნების გამოტანა შეუძლია.

„ჩემი გვარი არც „შვილზე” მთავრდება და არც „ძეზე”, თანაც,  მუსლიმი ვარ,  – მეუბნება ბიჭი მცირე პაუზის შემდეგ, – მაგრამ ვარ საქართველოს მოქალაქე და მინდა ამ ქვეყნის ნაწილად ზუსტად ისე ვიგრძნო თავი, როგორც შენ გრძნობ. – აქ ი.ნ. ჩერდება და გამომცდელად მაკვირდება, – თუმცა, ეს არც ისე მარტივია”, – ამატებს ბოლოს.

 *    *   *

„ამ წიგნში დასაბამიდან დღემდე შენი სამშობლოს – საქართველოს ისტორიას შეისწავლი… ქართველი ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობდა სხვა ეთნოსების წარმომადგენლებთან – ებრაელებთან, სომხებთან, ბერძნებთან და სხვ. რომლებიც ისტორიული ქარტეხილების დროს საქართველოს შემოეკედლნენ და მისი ჭირისა თუ ლხინის თანაზიარნი გახდნენ. ეს რეალობა ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს” (შესავალი. რატომ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას? გვ. 8. საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი, გამომცემლობა „კლიო” ).

„თანდათანობით ივრისა და ალაზნის ნაყოფიერი ველები გადამთიელებმა დაიკავეს. ეს დიდი უბედურება იყო ქვეყნისთვის” (ბახტრიონის გმირული ეპოპეა .გვ. 245 საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ).

“…თურქმანები კახეთიდან გადაიხვეწნენ. ქვეყანა ერთიანად გაიწმინდა შემოსახლებული მომთაბარეებისაგან” (იქვე. გვ. 246).

“…მოკლედ გადმოეცით თქვენი აზრი იმის შესახებ, თუ რომელი რელიგია აღმოჩნდა არაბობის მიმართ უფრო მდგრადი და რატომ”  (მე-20 ქვეთავი. არაბების პირველი გამოჩენა ქართლში, “დაცვის სიგელი”. არაბები დასავლეთ საქართველოში გვ. 93. საშინაო დავალება. გვ. 96. ისტორია. ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა).

„ირანელები ქართლში შეიჭრნენ” (მე-14 ქვეთავი, ქართველი ხალხის ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ 4ს.-ის ბოლოსა და 5 ს. პირველ ნახევარში. გვ. 65).

„თურქები მთელ საქართველოს მოედნენ” (გვ.103. საქართველოს ისტორია, მე-9 კლასი, გამომცემლობა „კლიო” ).

„…არაბებმა ამ ეტაპზე არ გააუქმეს ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება… არაბებმა ქართლში ფეხი მტკიცედ მოიკიდეს… არაბთა უღელი საგრძნობლად დამძიმდა… საქართველო უშულოდ არაბთა იმპერიის, სახალიფოს ნაწილს წარმოადგენდა… ხაკანი დახმარებას აღმოუჩენდა საერთო მტრის, არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში… ქართველი ხალხის ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ… არაბებს მძიმე მდგომარეობას უქმნიდნენ ხაზარებიც, რომელთა წინააღმდეგ მუსლიმებმა ვერაფერი გაახერხეს (არაბთა ბატონობის დამძიმება, ბრძოლა მათ წინააღმდეგ. გვ. 98 -99 საქართველოს ისტორია. მე-9 კლასი. გვ.98-99. ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა).

„…აბო წარმოშობით არაბი იყო, სჯულით მაჰმადიანი, რომელიც არაბთა ტყვეობაში მყოფ ნერსეს დაუახლოვდა…. ქართველი პატრიოტი მოღვაწეები ხალხს არაბთა წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდნენ… (აბო) გაეცნო და იწამა ქრისტიანობა, ამის გამო არაბებმა ის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს… არაბებმა გააუქმეს ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება, რომლის უკანასკნელი წარმომადგენელი – აშოტ ბაგრატიონი – არაბებთან კონფლიქტის გამო ქართლიდან გაიხიზნა… არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი არაბებმა გაჟლიტეს… არაბთა პარალელურად ქართლს ხაზარებიც არბევდნენ, როგორც არაბთა ფორპოსტს სამხრეთ კავკასიაში, რადგან არაბები ქართლიდან ახორციელებდნენ თვის ექსპედიციებს ხაზარეთში… და ა.შ. იდეოლოგიური ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ (გვ. 99 საქართველოს ისტორია. მე-9 კლასი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).

ეს იმ ამონარიდების მცირე რაოდენობაა, რომლებსაც საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში შეხვდებით. დღეს სკოლებში სწორედ ამ სახელმძღვანელოებით ასწავლიან.

„რელიგიური  და  ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში” – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ჩაატარა. მისი ავტორები არიან ბექა მინდიაშვილი, გიორგი გახელაძე და ირაკლი თაბორიძე.

ავტორებმა ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ასევე სამოქალაქო განათლების IX- XII კლასების სახელმძღვანელოები შეისწავლეს.

ეთნოცენტრიზმი, ქსენოფობია, განზოგადება – რელიგიისა და ეთნოსის გაიგივება; ეთნიკურ ან რელიგიურ საფუძველზე კონკრეტული ჯგუფისთვის ნაკლოვანების მიწერა, მცდარი ტერმინოლოგიები, შინაარსობრივი ლაფსუსები, განსხვავებული იდენტობის დაფარვა  – შენიშვნების ჩამონათვალი გრძელია.

გარდა მშრალად მოცემული ამონარიდებისა, საიდანაც მკითხველი ადვილად გამოიტანს დასკვნას – თუ რას სწავლობენ და, შედეგად, რა ღირებულებები უყალიბდებათ საქართველოს სკოლებში მოსწავლეებს – კვლევის ავტორები დეტალურად განმარტავენ, სად არის დაშვებული შეცდომები, რა გზით შეიძლება მათი გამოსწორება და განათლების სამინისტროს რეკომენდაციებითაც მიმართავენ.

რას შენიშნავენ კვლევის ავტორები:

მათი აზრით, “ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც აღწერილია საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარების შემოჭრა, მნიშვნელოვანია, გამოყენებული იყოს სახელმწიფოს ზუსტი დასახელება – ან პოლიტიკური ძალის (ჯგუფის, პარტიის), ან უშუალოდ ხელისუფლის სახელი, ნაცვლად ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის სახელწოდებისა, რადგანაც, ცხადია, რომ, ვთქვათ, ყველა ირანელი, არაბი, თურქი, მონღოლი, სპარსი, რუსი თუ  მაჰმადიანი საქართველოში  არ შეჭრილა.

სახელმძღვანელოებში, მაგალითად, სავსებით სწორად, არსად არაფერია ნათქვამი რუსეთის ოკუპაციაზე, – რომ „მართლმადიდებლურმა ჯარმა”, „მართლმადიდებლურმა იმპერიამ” დაგვიპყრო. თუმცა, ხშირად ვხვდებით „მაჰმადიანთა ლაშქარს”, „მუსლიმთა შემოსევებს” და ა.შ.

მოვლენების ასეთი ენით აღწერა, ამგვარი მოხსენიება, ამა თუ იმ ქმედებაზე პასუხისმგებლობის მთელი ჯგუფისთვის, ერისთვის, რელიგიისთვის მიწერა ყველაზე მეტად უწყობს ხელს ნეგატიურ სტერეოტიპიზაციას, დამკვიდრებული ისტორიული კლიშეების გაცოცხლებას, ენიმიზაციას – მტრის ხატის შექმნას”.

„განათლების სამინისტროს წარმომადგენლები კვლევას გაეცნენ, – უთხრა „ლიბერალს” გიორგი გახელაძემ, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა. – საინტერესოა, ვეცდებით, გავითვალისწინოთ, – თქვეს მაშინ სამინისტროს წარმომადგენლებმა”.

„რა შეიძლება იყოს ქმედითი უკუკავშირი, ამაზე საუბარი რთულია. საბაზო და საშუალო საფეხურის განახლებული სასწავლო გეგმა უნდა იყოს ამის პასუხი, პროექტი გამოქვეყნებულიც კი არ არის, რომ დავინახოთ, რამდენად გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები”, – გვეუბნება გახელაძე.

ის ფიქრობს, რომ სახელმძღვანელოები გაჯერებულია დომინანტურ ჯგუფზე მორგებული ტექსტებით: „საკლასო ოთახებში ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელი რიტორიკა და სტერეოტიპული ხედვები ჭარბობს”.  მისი აზრით, ეს პრობლემაა ნებისმიერი მოსწავლისთვის, რადგან მათი სასწავლო პროცესი ნამდვილი შინაარსისგანაა დაცლილი და აცდენილია რეალობას. არ ხდება კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავება, რომელიც ეყრდნობა სწორ ფაქტებს. ბავშვები ვერ სწავლობენ  ცოდნაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანას.

„განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არამართლმადიდებელი, არაქართველი ბავშვები არიან. როცა მასწავლებელი სენსიტიურ მონაკვეთს მიადგება, რამდენიმე სცენარი თამაშდება: თუ კლასში ეთნიკური/რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეების რაოდენობა ერთეულებს არ აღემატება, მათ ინტერესებს იგნორირება ელის. მაშინაც კი, როცა ისინი დისკუსიაში შედიან, მათი ლოგიკა მიჩუმათებული და უგულებელყოფილია; ან ორცეცხლშუა მოქცეული მასწავლებელი სასწავლო პროგრამის გავლისას გამოტოვებს ხოლმე ასეთ სენსიტიურ ადგილებს”, – გვიყვება გახელაძე.

„თითებზე ჩამოსათვლელია ისეთი მასწავლებლები (თუმცა, ასეთებიც არსებობენ), რომლებიც სახელმძღვანელოში მოტანილ არაჯანსაღ და მცდარ ფაქტებს მოსწავლეებს სწორად გადასცემენ”, – დასძენს ის საუბრის დასასრულს.

ნინო აბულაძე თბილისის 43-ე სკოლაში ისტორიას ასწავლის. ის ფიქრობს, რომ სახელმძღვანელოები ყოველმხრივ დასახვეწია და ყურადღება ამ კუთხითაც თუ გამახვილდება, კარგი იქნება. – “ამაზე უკვე 15 წელია ვსაუბრობ, ყოველ წელს უფრო და უფრო ცუდი წიგნი მოდის, ყოველი მომდევნო სახელმძღვანელო, ადრე რასაც ვიწუნებდი, იმაზე უარესია ხოლმე”.

“ყველა თურქი რომ დამპყრობელია და რუსი – არა, იმიტომ, რომ ერთი მუსლიმია და მეორე – მართლმადიდებელი, ასეთი ცოდნის მიწოდება ბავშვებისთვის, არაფრით არ შეიძლება,” –  გვეუბნება აბულაძე. მისი აზრით, გამოსავალი, სახელმძღვანელოების დახვეწასთან ერთად, ის იქნება, თუ მასწავლებლები საკლასო ოთახებში გაართმევენ თავს ამ პრობლემას და  მოსწავლეებამდე ცოდნას სწორად მიიტანენ.  – “რა თქმა უნდა, კლასში მჯომმა არაქართველმა თუ არამართლმადიდებელმა მოსწავლემ არ უნდა იგრძნოს თავი მტრული ეთნოსის ან რელიგიის წარმომადგენლად.”

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი სახელმძღვანელოების პრობლემასთან ერთად სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: „რაც არ უნდა კარგი სახელმძღვანელოები გვქონდეს, სერიოზულად დგას პედაგოგების პრობლემა. აგრესიული განწყობების გავლენას დაქვემდებარებული პედაგოგი, რომელიც ეკლესიის მრევლიც არის, ხშირ შემთხვევაში  ქადაგებას იწყებს. მისი მთავარი მიზანი ხდება ბავშვების, მშობლების, მასწავლებლების, ყველას მოქცევა… ასეთი რამ არაერთხელ მინახავს და შემხვედრია… როცა პედაგოგი არ არის სუბიექტური და მიკერძოებული, ახერხებს, თავი გაართვას სახელმძღვანელოს ხარვეზებს. ხარვეზია, როდესაც სახელმძღვანელო პირველ პირში გველაპარაკება, რომ “ჩვენი წმინდანია წმინდა გიორგი”, ან “ჩვენ გვწამს წმინდა სამება”. თუმცა, თუ პედაგოგი ობიექტური არ არის და აკადემიურ სტანდარტს არ იცავს, მისთვის იმასაც არ ექნება მნიშვნელობა, რა წერია სახელმძღვანელოში”, – გვიყვება ბექა მინდიაშვილი.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა სკოლებში მაინც არის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მღვდლები, ხატები, ჯვრები;  ექსკურსიები ზიარების მიღების მიზნით და ა.შ.

მინდიაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების ახალ მინისტრთან თანამშრომლობა სურს: „დიდი მოლოდინით გამსჭვალული არ ვარ, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში რამდენიმე დღის წინ მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე სწორედ საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და მსგავსი ჰუმანიტარული შინაარსის სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში საპატრიარქოს ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობდა.

„საზოგადოების ნაწილმა, არასამთავრობო სექტორმა, საერთაშორისო ექსპერტებმა, შესაძლოა, უარყოფითად შეაფასონ, მაგრამ  (სახელმძღვანელოები) აუცილებლად საქართველოს ეკლესიასთან კონსულტაციით უნდა შეჯერდეს. საქართველოს ისტორიაში იმდენად დიდი როლი ჰქონდა სარწმუნოებას და ეკლესიას, რომ არ გვაქვს უფლება, კონსულტაციისა და რჩევის დონეზე მაინც არ მივმართოთ მათ სასწავლო პროგრამების შემუშავებისას”, – უთხრა მან მასწავლებლებს.

ეს მიდგომა კონსტიტუციის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. კონსტიტუცია პირდაპირ მიჯნავს ეკლესიასა და სახელმწიფოს. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მეხუთე მუხლში გაკეთებული ჩანაწერი გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ რელიგიის სწავლების პროცესში შესაძლებელია თანამშრომლობა სკოლასა და საპატრიარქოს შორის, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საგანი პირდაპირ კავშირშია მართლმადიდებლობასთან.

“სხვა შემთხვევაში, ეს დაუშვებელია. როგორ უნდა ისწავლებოდეს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება? –  სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ  და ეკლესიის პოზიციაც ასეთია, რომ ეს უნდა ისწავლებოდეს ისტორიულ კონტექსტში, სასწაულების ჩართვით. მაგალითად, დაბნელდა მზე და ამის გამო მოექცა მირიან მეფე. ეს წერია როგორც პირდაპირი ნარატივი. თუ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, მაშინ ყველაფერი შეიძლება რელიგიის ინტერესის საგანი გახდეს, მაგალითად, სამყაროს წარმოშობა ისწავლებოდეს კრეაციონისტული თეორიის მიხედვით; ბუნების მოვლენები, მიწისძვრები, ქარიშხლები, ცუნამები – ავხსნათ ადამიანთა ცოდვებით; წყალდიდობა აიხსნას წინაპრების დანაშაულებით, როგორც პატრიარქი აკეთებს. ეს უზარმაზარი უკანდახევაა. ამას გასაქანი არ უნდა მიეცეს, თორემ ჩვენ მომავალ თაობებს მოვუსპობთ დოგმატიზმისგან დაცლილი აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობას”, – ამბობს მინდიაშვილი.

                               *    *    *

„მშობლიურ სოფელში დაბრუნებაზე ხშირად ვფიქრობ,  – მითხრა ი. ნ.-მ, ბიბლიოთეკიდან წამოღებული  გიორგი ლეონიძის მოთხრობების კრებული ქამარში ჩაიტენა, ზემოდან ჯემპრი ჩამოაფარა და სათვალე მოიხსნა. – თუ ლეონიძეს მარტივად იგებ, ე.ი. ქართული კარგად იცი. – ბიჭი შეჩერდა. – ხო ასეა? – თანხმობის ღიმილით გამხნევებულ ი.ნ-ს ხმაში თავდაჯერება შეემატა. – მირჩევნია, სკოლის ბოლო წლები იქ გავატარო, სადაც არ ვიგრძნობ, რომ  ურჯულო და გადამთიელი ვარ, სადაც  არც მასწავლებლები  შემრაცხავენ მტრული რელიგიის აღმსარებლად, არც კლასელები მომაძახებენ რამეს. უნივერსიტეტისთვის მომზადება მგონი უკვე დამოუკიდებლადაც შემიძლია, – ბიჭმა სათვალე გაწმინდა და ისევ ცხვირზე მოირგო.  – მინდა სასამართლოში უდანაშაულო ადამიანები დავიცვა. თანაც, იურიდიულზე რომ ჩავაბარებ, დედას გაუხარდება”.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

 

###

სტატია გამოქვეყნდა ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველოს“ მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან (სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, საზოგადოება „ბილიკი“, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი და ასოციაცია „ტოლერანტი“) ერთად განხორციელებული პროექტის  „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი.

პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაგეგმილი რიგი აქტივობების შედეგად, სკოლის დირექტორების, მასწავლებელთა და მშობელთა ჩართულობით მოხდება შესაძლებლობების გაძლიერება უსაფრთხო სკოლისა და ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში.

პროექტის ძირითადი მიზნებია სკოლებს, გადაწყვეტილების მიმღებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ადრეული ქორწინების, სკოლის მიტოვების და ბავშვთა შრომის შემთხვევების შემცირებისათვის, გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რათა ისინი გახდნენ ბავშვთა უფლებების ეფექტური დამცველები.

პროექტის დასრულების შემდგომ 15 სკოლა თითოეულ რეგიონში შეიმუშავებს და დანერგავს ინტეგრაციისკენ მიმართულ ახალ მიდგომებს; მოხდება პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა და შეთანხმება სხვადასხვა მხარეებთან  (მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებებთან ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე); გარდა ამისა, ადგილობრივ დონეზე გაუმჯობესდება მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სერვისები და რაც მთავარია, გაიზრდება თემების ცნობიერება ადრეული ქორწინებების, ბავშვთა შრომის და სკოლის მიტოვების ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით.

პროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეული ქორწინებების, ბავშვთა შრომის და სკოლის დატოვების უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით, ასევე გენდერული თანასწორობისა და ქართულ საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პროფესიონალური მედია პროდუქციის მხარდაჭერა ბავშვთა უფლებებზე, მათ შორის ანალიტიკური სტატიების გამოცემა, სატელევიზიო და ვიდეო ფილმების შექმნა და მათი ჩვენება რეგიონული  და ნაციონალური ტელევიზიების საშუალებით.

 

სიახლეები

მულტიმედია