რუსულენოვანი განათლების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში

07.12.2023

საქართველოში იმიგრირებული, სასკოლო ასაკის ბავშვებისა და მოზარდების დიდი ნაწილი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მიღმაა. უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში არსებობს ისეთი არაავტორიზებული სკოლები, რომელთა შესახებ მონაცემები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის. ასეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი  საკუთარ საქმიანობას რუსეთის საგანმანათლებლო სისტემის  მოთხოვნების შესაბამისად წარმართავს.  თუმცა, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა მათ „ვერ ხედავს“ და შესაბამისად, ვერ ფლობს ინფორმაციას დაწესებულებების სასწავლო გეგმის ეროვნულ მიზნებსა და ხედვებთან შესაბამისობის შესახებ.

2022 წელს საქართველოში იმიგრანტთა ტალღის ყველაზე დიდი წილი მოდიოდა რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებზე და იმიგრანტთა სრული მოცულობის 35%, 12% და 7%-ს შეადგენდა. სწორედ ქვეყანაში რუსულ-უკრაინულენოვანი იმიგრანტებისთვის არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და სექტორში არსებულ გამოწვევებს ეხმაურება კვლევა რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 2023 წელს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.

კვლევის თანახმად, რუსეთიდან იმიგრირებული სასკოლო ასაკის მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება რუსეთის მოქალაქე იმ მოზარდების რაოდენობას, რომლებიც საქართველოს განათლების სისტემის ბაზაში არიან რეგისტრირებული. ბელარუსიდან იმიგრირებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2-ჯერ და უფრო მეტია შესაბამისად აღრიცხულ პირთა რაოდენობაზე, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2022 წელს უკრაინიდან ქვეყანაში იმიგრირებულ მოსწავლეთა რაოდენობაზე 1000-ით ნაკლებ მოსწავლეს აღრიცხავს. მთლიანობაში, 2022 წელს ქვეყანაში შემოსული, 6-დან 18 წლის ასაკამდე რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 4000-ზე მეტი პირი არ არის საქართველოს განათლების სისტემის ფარგლებში მოქცეული.

ავტორები:
ნათია გორგაძე
შალვა ტაბატაძე
თამარ ანთაძე

სიახლეები

მულტიმედია