ანტიდასავლური პროპაგანდა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში

15.03.2019

მედიის განვითარების ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა  ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის საკითხს ეხება.

მკვლევართა ჯგუფმა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მცხოვრებთა ინფორმაციის ძირითადი წყარო  დაადგინა. მათზე დაყრდნობით შეისწავლეს ის მედია გზავნილები, რომელიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. ამავე დროს კვლევის საგანი იყო, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ შინაარსობრივ ვალდებულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ უმცირესობების ინფორმირების თაობაზე. შეისწავლეს უმცირესობათა დამოკიდებულებები, როგორც ინფორმაციის წყაროების, ასევე მედია გზავნილებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ სანდოობა რუსული არხების მიმართ ნაკლებია, ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტური თხრობა და ამბის გადმოცემა რუსულ მედიას უფრო საინტერესოდ გამოსდის. რუსული მედიის მიერ ამბის გადმოცემის უკეთესი უნარი მიწოდებული შინაარსის სიყალბეს ნაკლებად პრობლემატურს ხდის.

ქართული მედია საშუალებებიდან ინფორმაციის მიღების შემაფერხებელ ფაქტორებად ნაწილობრივ – ენობრივი ბარიერი, ნაწილობრივ ხელმისაწვდომობის პრობლემა სახელდება.

ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულ ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა შორის  61,5% რუსული სოციალური მედიის “ოდნოკლასნიკის” მომხმარებელი იყო, ფეისბუქის კი 25,6%, ხოლო ტრადიციული მედიის- 12.9 %. მიუხედავად ამისა, ყველაზე ნაკლებ სანდოდ რესპონდენტები სწორედ „ოდნოკლსნიკებს“ ასახელებენ, ყველაზე სანდოდ კი, თითქმის თანაბარი მონაცემებით, – ტრადიციულ  მედიასა  და ფეისბუკს.

კვლევა შერეული მეთოდოლოგიით განხორციელდა და დოკუმენტების ანალიზს, მედიის კონტენტის მონიტორინგსა და ანალიზს და ფოკუს ჯგუფებს მოიცავდა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ახალქალაქიდან, ნინოწმინდადან, მარნეულიდან და გარდაბანიდან იყვნენ.

***

კვლევა  ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში მომზადდა.

 

 

საქართველოს ევროატლანტიკური… by on Scribd

NEWS

MULTIMEDIA