2023 წელს რაჭასა და გურიაში განვითარებული მოვლენების მაგალითზე, საიამ საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით საადვოკაციო დოკუმენტი მოამზადა.
საადვოკაციო დოკუმენტი – ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ – 2023 წლის აგვისტოში რაჭასა და 2023 წლის სექტემბერში გურიაში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებულ გარემოებებს ეხმიანება. დოკუმენტი, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მომზადდა, სვამს საკვანძო შეკითხვებს როგორც სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების, ისე, სამაშველო ოპერაციის მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. დოკუმენტის პრეზენტაცია 2023 წლის 13 ნოემბერს შედგა.
დოკუმენტი არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას მიმოიხილავს, ასევე, გამოკვეთს იმ გარემოებებს, რომელთა გამოკვლევა, შესწავლა და ანალიზი აუცილებელია იმის შესაფასებლად, თუ რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები: შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება? ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა? რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით?
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.[1] დოკუმენტის შინაარსის გამოქვეყნების პარალელურად, საია თემისთვის მნიშვნელოვან საჯარო ინფორმაციას გამოითხოვს. საჯარო ინფორმაციის მიღების კანონისმიერი ვადების გასვლის შემდეგ, საია საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას უწყებების მიერ მოწოდებულ პასუხებთან დაკავშირებით.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, საადვოკაციო დოკუმენტი ეფუძნება საქართველოში ბუნებრივი კატასტროფის რისკის მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზს, როგორც ეროვნული, ასევე, საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში. ასევე, დოკუმენტი განიხილავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკის დოკუმენტებს, სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს ბუნებრივი კატასტროფის რისკის მართვის სფეროში. აღნიშნული მიდგომა მიზნად ისახავს, რომ უკეთ წარმოჩინდეს სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები/საჭიროებები; გამოიკვეთოს, როგორ სრულდება ამ დოკუმენტებით განსაზღვრული მიზნები და კონკრეტული ქმედებები. საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური დოკუმენტებისა და მედია-საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საადვოკაციო დოკუმენტი გამოკვეთს იმ პრობლემებს, გამოწვევებსა და სავარაუდო დარღვევებს, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სახელმწიფო ორგანოების მიერ რაჭასა და გურიაში ბუნებრივი კატასტროფის რისკის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების დროს. ასევე, დოკუმენტი მიმოიხილავს ეფექტიანი გამოძიების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს და მიმდინარე საგამოძიებო პროცესში არსებულ ხარვეზებს გამოყოფს.
დოკუმენტი მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
____________________________________________________________________
[1] იხ. IDFI, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022, ხელმისაწვდომია: https://idfi.ge/public/upload/00_studies/2023/access_to_public_information_in_georgia_2022.pdf, [26.10.2023].