საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე

04.02.2015

ვის ეხმარება შვედეთის მთავრობა და რას ემსახურება არასამთავრობოების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია– ამ სათაურით ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ პარტნიორი ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო’ განცხადებას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმ წყაროებზე, რომელსაც გოგა ხაინდრავა ეყრდნობოდა გადაცემა ‘იმედის კვირაში’ საუბრისას. გადაცემის ეთერში მან შვედეთის მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.  მან აღნიშნა, რომ შვედეთის მთავრობისა და მიხეილ სააკაშვილისკორუფციული სქემების შესახებ შვედური მედია წერს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი,  ამ თემაზე მხოლოდ ერთმა შვედურმა ტაბლოიდმა Aftonbladet-მა დაწერა, რომლის წყაროც თავად ხაინდრავა იყო. “შესაბამისად, იმედის კვირაში გაკეთებული ცრუ განცხადებისას ხაინდრავა საკუთარ თავს ეყრდნობა, რითიც შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი, თითქოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მისგან დამოუკიდებელი წყაროც არსებობს. ტაბლოიდის დაბეჭდილ სტატიაში კარლ ბილდტი გამოცემას პასუხობს და აცხადებს, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

სამაგიეროდ, მსგავსი შინაარსის სიახლეები იწერება რუსულ მედიაში, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მთავრობის მფლობელობაში მყოფი ინგლისურენოვანი სააგენტოს, Sputnik News-ის მიერ. სარწმუნო წყაროები არც ამ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გააჩნია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სტატიები რუსეთის ხელისუფლების უცხოელი დონორების წინააღმდეგ ჩვეული პროპაგანდის ხაზს აგრძელებს.”- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შვედეთის მთავრობის მიერ 2012 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ დახმარების სახით 8.33 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი 4.78 მილიონი დოლარი.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პრემიერმინისტრს და მთავრობას, საჯაროდ გაემიჯნონ შვედეთის მთავრობისა და Sida-ს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და მხარდაჭერა გამოუცხადონ საკუთარ პარტნიორს.

განცხადების ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს’ ვებგვერდზე.