სამოქალაქო საზოგადოების ფონდი საქართველოს რეგიონული მაუწყებლებისთვის აცხადებს კონკურსს მედიის ადვოკატირების კამპანიაზე. კონკურსის მიზანია, გაზარდოს საქართველოს რეგიონებში ტელემაყურებლების ცოდნა მედიის საზოგადოებრივი როლისა და ჟურნალისტური პროფესიის შესახებ. ფონდი მიესალმება რეგიონული მაუწყებლების კოალიციურ პროექტებს.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებას მედიის თავისუფლების გამოწვევებზე, მედიისა და ჟურნალისტიკის როლზე და მათი საქმიანობის სარგებელზე საზოგადოებისათვის. ადვოკატირების კონკრეტულ თემებს არჩევენ აპლიკანტი ორგანიზაციები.
არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვა საქართველოში კვლავ პრობლემურია, შეზღუდულია საჯარო ინფორმაციის მიღება სახელმწიფო უწყებებიდან. წინასაარჩევნო პერიოდში კი უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებას ჰქონდეს ოფიციალურ წყაროებთან გადამოწმებული ინფორმაცია, ხოლო მედიას შეეძლოს წინასაარჩევნო პროცესის სრულფასოვნად გაშუქება.
საკონკურსო პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 25 000 აშშ დოლარს.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთი პროექტი, რომელიც გულისხმობს როგორც შესაბამისი კონტენტის შექმნასა და გავრცელებას მედიასა თუ სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა შესაძლო აქტივობებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
განაცხადები მიიღება რეგიონული მაუწყებლებისაგან საქართველოს მასშტაბით. უპირატესობა მიენიჭება კოალიციურ პროექტებს.
პროექტის სავარუდო ხანგრძლივობა: 4 თვე
საკონსულტაციო შეხვედრა: კონკურსის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მედიის მხარდაჭერის პროგრამა ჩაატარებს 24 აპრილს, 11:00 სთ-ზე, ონლაინ. მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით ირინე ჯავახიძეს (), არაუგვიანეს 23 აპრილის 16:00 საათისა.
განაცხადების მიღება: პროექტი შედგენილი უნდა იყოს საგრანტო განაცხადის ფორმის მიხედვით. ფორმა შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგ ვებ მისამართზე: https://apply.csf.ge/ აუცილებელია, აპლიკაციის შევსებისას, პუნქტ N 2 – ში (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ) მოინიშნოს მედიის მხარდაჭერის პროგრამა.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 30 აპრილი, 18:00 საათი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ფონდი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება
საკონკურსო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: შერჩეული საკითხების აქტუალურობა, შემოქმედებითი გადაწყვეტა და მიდგომები, პოტენციური აუდიტორია და შესაძლო გავლენა, ბიუჯეტის ეფექტურობა, ორგანიზაციის/ების გამოცდილება და შესაძლებლობები