12 სექტემბერს წარმოდგენილი კვლევა “მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში” აანალიზებს მტკიცებულებების მოპოვების, დასაშვებობისა და შეფასების პროცესს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით.
კვლევაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობა, აკადემიური კომენტარები, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები.
კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილია სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, რამაც, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ამ მიმართულებით ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და საქართველოს საერთო სასამართლოების მხრიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საერთო სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე მომუშავე ექსპერტები.
კვლევის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე სასამართლო პრაქტიკაში კანონის არაერთგვაროვნად განმარტების შემთხვევები, პრობლემები სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებასა და პროცესის მონაწილეთა კომპეტენციასთან დაკავშირებით.
კვლევა ჩატარდა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.