საქართველოს სახალხო დამცველმა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ანგარიშში მიმოხილული და შეფასებულია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, კენჭისყრის დღეს და არჩევნების დამთავრების შემდგომ განვითარებული მოვლენები, მათ შორის, საპროტესტო აქციები, საჩივრების და სარჩელების განხილვის პროცესი.
სახალხო დამცველის ოფისი საარჩევნო პროცესს 46 მუნიციპალიტეტში აკვირდებოდა სპეციალურად შექმნილი 26 მობილური ჯგუფის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ჰქონდა, სახალხო დამცველისთვის, საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდებინა. ასევე, სადამკვირვებლო მისიის შესახებ ინფორმირებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტები, ამომრჩევლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
წინამდებარე ანგარიში მოიცავს საარჩევნო პროცესის ზოგადი მიმოხილვას; წინასაარჩევნო პერიოდის, კენჭისყრის დღის, კენჭისყრის მეორე ტურის, ისევე როგორც, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის და სასამართლო პროცესების მონიტორინგის შეფასებას.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში, სახალხო დამცველი შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებს, რათა სამომავლოდ აღმოფხვრილ იქნას მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები.
ანგარიში მომზადებულია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.