სახელმძღვანელო ადვოკატებისთვის ფულის გათეთრების პრევენციული ზომების თაობაზე

06.08.2015

4 აგვისტოს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) წევრმა ადვოკატებმა გამოაქვეყნეს სახელმძღვანელო  „ადვოკატებისთვის ფულის გათეთრების პრევენციული ზომების თაობაზე”.

ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებზე  ევროკავშირთან თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა. ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს სახელმწიფოს მიიღოს სათანადო ზომები ფულის გათეთრების და  ტერორიზმის დაფინანსების შემთხვევების გამოსავლენად. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონი ადვოკატებზეც ვრცელდება, თუმცა, ადვოკატებს ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ ინფორმაცია ფულის გათეთრების კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესახებ.

სახელმძღვანელო საშუალებას იძლევა, გაანალიზდეს ფულის გათეთრების თაობაზე არსებული საკანონმდებლო რეგულირების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ადვოკატებს მიეწოდოთ ინფორმაცია ფულის გათეთრების სფეროში კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

სახელმძღვანელო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და რეკომენდაციებსაც მოიცავს.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ სახელმძღვანელო  მოამზადა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის „სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების სფეროში” ფარგლებში.

 

ნახეთ ანგარიში სრულად.

ნახეთ მედია ამ თემაზე:

იმედი, ქრონიკა