1 ნოემბრიდან ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ამოქმედდება, რომლის განხორციელების უფლებამოსილება და კომპეტენცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიენიჭა. მივესალმებით ინსპექტორის სამსახურის ამ ახალ შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლად და დრულად გამოიძიოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულები, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა დაუსჯელობის ფონზე. ციხის კადრების გასაჯაროვებიდან 5 წლის შემდეგ წამებასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების და სისტემური გამოწვევების შეჯამების შედეგად კიდევ ერთხელ დავინახეთ ასეთი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა.
ჯერ კიდევ 2015 წელს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივითა და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელი, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დისტანცირებული საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითვალისწინებდა.
2015 წლის შემდეგ დაიწყო ფონდმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მექანიზმის შექმნის აქტიური ადვოკატირება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ამ ადვოკატირების შედეგად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილად იქცა.
შედეგად, 2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ შეიქმნა მექანიზმი, რომლის მიხედვით ინსპექტორს მხოლოდ გამოძიების უფლება ექნება და მასზე საპროცესო ზედამხედველობას კვლავ საქართველოს პროკურატურა განახორციელებს.
მიუხედავად ამისა, მექანიზმის შექმნა სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის გააზრებაზე მიუთითებს და წინ გადადგმული ნაბიჯია სისტემაში დაუსჯელობასთან საბრძოლველად. იმედი გვაქვს, ინსპექტორის სამსახური შეძლებს საგამოძიებო ფუნქციის დამოუკიდებლად და ობიექტურად შესრულებას და გაამართლებს სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინს.