2016 წლის 3 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლოდროინდელი ცვლილებების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ 13 ივნისს მიმართა სარჩელით, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები. კოალიციის გარდა მოსარჩელეები იყვნენ პარლამენტარები და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები.
1 თვის წინ, სასამართლომ საქმე დასაშვებად ცნო ზეპირი მოსმენის გარეშე.
„წარვადგინეთ არგუმენტები, მტკიცებულებები და მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი ცვლილებები არაკონსტიტუციური. ჩვენი მთავარი არგუმენტი შეეხებოდა იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს არაეფექტურობას იწვევს. ჩვენი მიზნების ადვოკატირებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რისი მაგალითიც იყო ეს შენ გეხებას კამპანია. ჩვენი აზრით, საკონსტიტუციოს ბოლოდროინდელი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობას აკნინებს და შეუძლებელს ხდის სწრაფ სამართალწარმოებას.”- ამბობს გიორგი ბურჯანაძე, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი.
მოსარჩელეების თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები შემდეგ პრობლემებს შექმნის:
1) მოსამართლეებს უწყდებათ უფლებამოსილების ვადა 10 წლის თავზე ავტომატურად, ისე რომ არ ეძლევათ საქმეთა დასრულების შესაძლებლობა. განსხვავებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან, რომლებიც ასრულებენ დაწყებულ საქმეებს;
2) ერთ მოსამართლეს ეძლევა შესაძლებლობა გადასცეს საქმე პლენუმს, კოლეგიის მიერ საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე;
3) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შეჩერებისთვის დადგენილია გართულებული პროცედურა და კოლეგიას აღარ აქვს შესაძლებლობა შეაჩეროს ნორმა;
4) საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონისა და კანონის გასაუქმებლად სჭირდება გაზრდილი ქვორუმი. გარდა ამისა, უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილებები აღარ მიიღება და საჭიროა აბსოლუტური უმრავლესობა.
მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა ყველა საკითხის გარშემო საკონსტიტუციო სასამართლოს არგუმენტები წარუდგინეს. არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მალე გამოიტანს გადაწყვეტილებას და სასამართლოს ეფექტურობა ეჭვქვეშ აღარ დადგება.