პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების პრობლემების, მათი ყოველდღიურობისა და რეგიონის ისტორიული კონტექსტის ჩვენება.
რადიო მარნეულთან პარტნიორობით, მკვლევრებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების უშუალო მონაწილეობით დაგეგმილია 20-მდე მედია პროდუქტის – ვიდეოების, აუდიო და ტექსტური მასალების მომზადება, რომლებიც ითარგმნება აზერბაიჯანულ ენაზე.
იდეა, ზოგადად ამ გაერთიანების, ამ ახალგაზრდების გაერთიანების სულ იყო. მერე ისე მოხდა, რომ მერე მოხდა უკვე ჰამიდის ინციდენტი, ქეისი ჰამიდისა.
ჰამიდი არის მასწავლებელი გარდაბნიდან და ისე მოხდა, რომ მისი ყოფილი მოსწავლე, როცა უკვე გახდა სტუდენტი პირველი დღე იყო, როცა მიდიოდა უნივერსიტეტში და ძალით გაიტაცეს ის გოგო და ჰამიდმა დაწერა ისეთი შეშფოთებული, ასე რომ ვთქვათ, საპროტესტო სტატუსი ფეისბუქზე, სოციალურ ქსელში. ამას მოჰყვა ძალიან აგრესიული რეაგირება გარდაბნელებისგან და ჰამიდის ცხოვრებას ემუქრებოდა საფრთხე.
ერთი პატარა ვიდეო გადავიღეთ – “მე ჰამიდი ვარ”. ამ ვიდეოს მერე სალამი გახდა არა მხოლოდ ჩვეულებრივი მისალმება, უკვე სხვა მნიშვნელობის დატვირთვაც მიიღო. არა მხოლოდ ჰამიდის ქეისი, არამედ სხვა მიმართულებებითაც თუ ვინმეს დასჭირდება დახმარება, იყო განათლების მიმართულება, იყო გენდერული საკითხები, იყო გარემოს დაცვა და ა.შ. ძირითადი პრობლემა, რაც ჩვენ გვაწუხებს და ჩემი აზრით, მართლა ჩვენთვის, ყველასთვის არის დიდი ტკივილი, ზოგადად, განსაკუთრებით სოფლებში ხალხის ეკონომიკური-სოციალური მდგომარეობაა.
თუ ჩვენ რაღაცნაირად არ გადავლახავთ ამ პრობლემას, ჩვენ მაინც ვერ ვისაუბრებთ მოქალაქეობაზე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დემოკრატიაზე, არჩევნებზე თუნდაც, იმიტომ, რომ ამ ხალხს ძალიან ბაზისური საჭიროებები არ აქვთ ბოლომდე დაკმაყოფილებული. მარნეულზე როცა ქვეყნდებოდა რაღაცა ინფორმაცია, ვიდეო სოციალური ქსელების მეშვეობით, ქვემოთ ვკითხულობდით ძალიან შეურაცხმყოფელ კომენტარებს.
ის კომენტარები, რომლებიც მიმართული იყო სიტყვაზე იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არ იციან ენა, ეგენი არც კითხულობენ ამ კომენტარებს. კითხულობს ვინ? ჩვენ. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ერთად ვცდილობთ, რომ შევქმნათ სამოქალაქო საზოგადოება. ის ადამიანები, რომლებმაც ენა იციან, ადამიანებო.
მე რატომღაც ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მე თავი რამდენადაც არ უნდა მოვიკლა, რამდენი კარგი და მაგარი რაღაცები გავაკეთო ამ ქვეყნისთვის, თუნდაც როგორც მოქალაქე, არასდროს მიმიღებს ეს საზოგადოება თავის შვილად, თავის წევრად, თავის ნაწილად და ამ დროს ძალიან პესიმისტურად განწყობილი ვფიქრობ იმაზე, რომ ტყუილად ხომ არ ვხარჯავ ენერგიას და დროს.
სალამი არსებითად იყო ის, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს, თემის წევრებს რა გვინდა. ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებლად პრობლემების გაშიშვლება. ერთი ძალიან საინტერესო გამოცდილება მაქვს. ფოკუს ჯგუფს ვატარებდი ერთ-ერთ სოფელში. ასაკოვანი და ახალგაზრდა ადამიანები არიან, ქალბატონები არიან ამ ფოკუს ჯგუფში და კითხვა იყო ესეთი: წყლის პრობლემა არის თუ არა ამ სოფელში? პასუხი იყო აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან. ასაკოვანი ხალხი ამბობდა, რომ აღარ გვაქვს წყლის პრობლემა. გვქონდა, მაგრამ აღარ გვაქვს.
ახალგაზრდები ამბობდნენ, კი, გვაქვს წყლის პრობლემა და რომ ჩავეძიე ამას, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვის წინ იყო გაყვანილი წყალი და წყალი მოდიოდა კვირაში ორჯერ, დღეში ორი საათის განმავლობაში. ასაკოვანი ხალხისთვის, რომლებსაც მთელი ცხოვრება უცხოვრიათ წყლის გარეშე და იძულებულნი იყვნენ წყაროდან კილომეტრების ფეხით სიარულით წყალი მოეტანათ, ეს ორი საათი და კვირაში ორი დღე იყო შვება. ფიქრობდნენ, რომ წყლის პრობლემა მოგვარებულია. თუმცა, ის ახალგაზრდები, რომლებიც უკვე სტუდენტები იყვნენ და თბილისში ცხოვრობდნენ და იცოდნენ, რომ ონკანს გახსნი და წყალი მოვა 24 საათის განმავლობაში, მათთვის ეს პრობლემა იყო.
ჩვენ ზუსტად ამაზე დავიწყეთ ლაპარაკი. სალამის მიზანი ზუსტად ეს იყო. ყოფა არის განსხვავებული. თბილისსა და პერიფერიებში არის განსხვავებული ყოფა.
ჩვენ რასაც განვიცდით, არის ის, რომ ჩვენ ვართ დაახლოებით შუაში შემორჩენილი ხალხი და გვინდა, რომ კი არ გავხდეთ უბრალოდ შუაში შემორჩენილი. არამედ ვიყოთ ხიდი ამ განსხვავებულ ყოფას შორის.
გავაერთიანოთ, მივაახლოვოთ ეს სივრცეები ერთმანეთთან. არა ის, რომ რამდენიმე ადამიანი გახდება ადვოკატი და გამხმოვანებელი რაღაც პრობლემების დიდი ჯგუფის, არამედ მთელმა ჯგუფმა რომ გაიაზროს თუ რა პრობლემები არსებობს. დაორგანიზდეს და ორგანიზებულად მოითხოვოს, დააყენოს, უფრო სწორად, ჯერ დღის წესრიგში ეს საკითხი და თქვას, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი პრობლემა, ეს არის, რაც მაწუხებს დღეს ჩემ ყოველდღიურ ყოფაში.