ქართული ოცნების წარმომადგენლების ჰომოფობიური განცხადებების შესახებ

21.06.2021

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!”, “კოალიცია თანასწორობისათვის” და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები ეხმაურებიან „თბილისი პრაიდის” და პარტნიორების მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ამავე პარტიის წევრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

2021 წლის 17 ივნისს ტელეკომპანია „ტვ პირველის” ეთერში ღირსების მარშის შესახებ ირაკლი კობახიძემ გააკეთა შემდეგი განცხადება: „მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე” და „მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება… ეს კონტექსტი ძალიან კომპლექსურია და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”, ხოლო ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა ირაკლი კობახიძის ნათქვამის მსგავსი განცხადებები უმცირესობის უფლებების დარღვევა, დავით სერგეენკომ შემდეგი პასუხი გასცა: „რთული სათქმელია. უფლებების შეზღუდვა, არ მგონია, იყოს. არავინ უშლით იმის გაკეთებას, რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი” და „რაც შეეხება უფრო ხმამაღლა გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ. არავინ არ უშლის არაფერში ხელს, უბრალოდ, რაღაც უფრო ნაკლები ენთუზიაზმით ჯობია”.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებებს, როგორც ჰომოფობიურს და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელს, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, ირაკლი კობახიძის სიტყვები „ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე” სრულიად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლითაც პირდაპირაა გარანტირებული შეკრების თავისუფლება წინასწარი ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის უნივერსალური და ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა. ამასთანავე, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ უზრუნველყოს შეკრების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. კერძოდ, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „მშვიდობიანმა დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოფა მიაყენოს იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებსა თუ მოთხოვნებს, რომელთა გავრცელებას დემონსტრაცია ცდილობს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დახმარებით მონაწილეეებს უნდა შეეძლოთ  დემონსტრაციის ჩატარება იმ შიშის გარეშე, რომ ისინი მოწინააღმდეგეების მიერ ძალადობას დაექვემდებარებიან” და „დემოკრატიულ საზოგადოებაში კონტრ-აქციის უფლება არ მოიცავს დემონსტრაციის უფლების რეალიზების ხელშეშლას”1. შეკრების მონაწილეთა დაცვის ვალდებულების შესასრულებლად პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ლგბტ+ თემს და ხელისუფლებისთვის წინასწარ ცნობილია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური კონტექსტი. კერძოდ, ამ დროს სახელმწიფო ორგანოები „ვალდებულნი არიან მიიღონ ნებისმიერი შესაძლო ზომა, მაგალითად დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების გაკეთებით, რათა ბუნდოვანების გარეშე მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ, მშვიდობიან პოზიციას და რათა პოტენციური სამართალდამრღვევები გააფრთხილონ შესაძლო სანქციების ბუნების შესახებ”2.

ზემოაღნიშნული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამი, კიდევ უფრო აგულიანებს ჰომოფობიურ ჯგუფებს, ვინაიდან პოტენციური თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს ღირსების მარშის ორგანიზატორებს („ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ” და „მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ”) და არა აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს მაშინ, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელთა მხრიდან ხორციელდებოდა3 და ხორციელდება4 მუქარა და ძალადობრივი ქმედებები. გარდა ამისა,  ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სამართალდამცავ ორგანოებზე, რაც წარმოშობს იმის საფრთხეს, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ უზრუნველყოფენ ღირსების მარშში მონაწილეთა უსაფრთხოებას. აღნიშნული საფრთხე რეალურია იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ წარსულშიც არ შეასრულა საკუთარი პოზიტიური ვალდებულება და არ მიიღო ზომები, რათა ლგბტ+ თემს მშვიდ და დაცულ გარემოში ესარგებლა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით.5

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს:

 

არ გაავრცელონ ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებები;

გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ცხადად წარმოაჩინონ რომ ჰომოფობიური ძალადობა არ დარჩება პასუხგაუცემელი სახელმწიფოს მხრიდან;

უზრუნველყონ ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

__________________________________

1 ადამიანის  უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება, Case of Identoba and Others v. Georgia, § 95.
2ადამიანის  უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება, Case of Identoba and Others v. Georgia, § 99.
3 იხ.  https://civil.ge/ka/archives/241991 https://civil.ge/ka/archives/242064 https://www.hrw.org/ka/world-report/2020/country-chapters/336553 https://bit.ly/2TOhXHh
4 იხ. https://rustavi2.ge/ka/news/201944
5 ადამიანის  უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება, Case of Identoba and Others v. Georgia, § 100.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

სიახლეები

მულტიმედია