ერთობლივი პრეს რელიზი – კონფიდენციალურია 2015 წლის 20 ნოემბრის 16:00 საათამდე ცენტრალური ევროპული დროით
ჰააგა
123 ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება დღეს ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (შემდგომში „სასამართლოს”) მონაწილე სახელმწიფოთა შეხვედრაზე. სამოქალაქო საზოგადოება უერთდება სასამართლოს პროკურორის მოწოდებას სახელმწიფოებისადმი, მხარი დაუჭირონ სასამართლოს მუშაობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ სულ უფრო იზრდება წინააღმდეგობა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ექვემდებარებიან სასამართლოს მიერ გამოძიებას. სახელმწიფოებმა რეალურად უნდა შეასრულონ მათი ვალდებულება და დაიცვან თავიანთი მოსახლეობა მძიმე დანაშაულებისგან საერთაშორისო მართლმსაჯულების სიტემის მხარდაჭერის გზით, რაც სხვა ღონისძიებათა შორის, უნდა გამოიხატოს იმ ადგილობრივი ჯგუფების საქმიანობის მხარდაჭერით, რომლებიც ახდენენ სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებული დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის ადვოკატირებას და ამ დანაშაულების დოკუმენტირებას.
სესიაზე სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოება და სასამართლო: ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ადგილობრივი პერსპექტივები”, რომელიც ფილიპინების და „ღია საზოგადოება – მართლმსაჯულების ინიციატივით” გაიმართა, შვიდი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს 2015 წელს გლობალური მასშტაბით ჩატარებული მთელი რიგი კონსულტაციები, რომლებიც ეძღვნებოდა ამ ჯგუფებისთვის ყველაზე საჭირო დახმარების ფორმების გამოვლენას. ამ რეგიონებიდან ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ რეალურად სასამართლო მთლიანად დამოკიდებულია ეროვნული მთავრობების ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე. თუ სახელმწიფო არ თანამშრომლობს, ადგილობრივი არასამთავრობოები ცდილობენ, პასუხისგებაში მიუცემლობის საკითხს გაუმკლავდნენ მინიმალური დახმარებით, რაც გამოიხატება დაცვის უზრუნველყოფით და დაფინანსებით. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოუწოდეს სახელმწიფოებს, ხელი შეუწყონ ადგილობრივ დონეზე ახალი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას, მაგრამ თავი შეიკავონ ამ ტექნოლოგიების სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გამოყენებისგან. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე აღნიშნეს, რომ სახელმწიფოებმა მხარი უნდა დაუჭირონ დაზარალებულთა სრულყოფილ და შედეგიან მონაწილეობას სასამართლოში მიმდინარე წარმოებაში.
აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი მსოფლიოში ქვეყნის შიდა კონფლიქტების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა, მაგრამ რომის სტატუტის რატიფიკაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ამ რეგიონიდან აღნიშნეს, რომ სასამართლოს წევრ სახელმწიფოებში გაწევრიანება პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან და აგრესიის აქტების შეკავებასთან. „კოალიცია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის” წარმომადგენელმა ფილიპინებიდან – ბეკი ლოზადამ განაცხადა, რომ „სახელმწიფოებს უნდა ახსოვდეთ, რომ სასამართლო უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანო; იგი არსებით როლს თამაშობს მოსახლეობის დაცვაში მასობრივი სისასტიკეებისგან. აუცილებელია, დაზარალებულის ინტერესები დარჩეს საერთაშორისო მართლმსაჯულების ცენტრალურ საკითხად. „კამბოჯას მართმსაჯულების ინიციატივის” წარმომადგენელმა პანფავუტ ლონგმა აღნიშნა, რომ „სასამართლო არ არის ცივილიზაციის მისია, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. ამიტომ მან უნდა უზრუნველყოს კანონის წინაშე თანასწორობა მიუხედავად რეგიონისა და შეზღუდული რესურსებისა. დამნაშავეთა პასუხისმგებლობა მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოები კეთილსინდისიერად იმოქმედებენ და მათი თანამშრომლობა სასამართლოსთან იქნება მტკიცე და სრულყოფილი. ჩვენ მივმართავთ მონაწილე სახელმწიფოებს, სრულად ითანამშრომლონ სასამართლოსთან. სახელმწიფოებმა სრული მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინონ არასამთავრობო ორგანიზაციებს და არ შეუშალონ ხელი ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების სავარაუდო ფაქტების დაფიქსირებას.” აფრიკის რეგიონს ყველაზე ინტენსიურად უწევს ურთიერთობა სასამართლოსთან ვინაიდან სასამართლოს წარმოებაში ამჟამად არსებული საქმეები სწორედ აფრიკის კონტინენტიდანაა წამოსული. სამოქალაქო საზოგადოებამ მიუთითა, რომ ადგილობრივ დონეზე ფაქტების დოკუმენტირება სხვადასხვა მიზნით ხდება და ამ პროცესში აუცილებელია იმის გააზრება, რომ სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებელია როგორც სასამართლოსგან, ისე სახელმწიფოებისაგან. კენიის სამოქალაქო საზოგადოების ქსელის წარმომადგენლის ბეატრის ოკეროს თქმით, „დაზარალებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია უნდა დაიცვას სახელმწიფოებმაც და პროცესში მონაწილე ყველა სხვა პირმაც. დაცვის სტანდარტებს საფუძვლად უნდა ედოს დაზარალებულთა გაძლიერება და მათი უფლებების დაცვა.” უგანდას მართლმსაჯულების და განვითარების ინიციატივების ფონდის (FJDI) წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა ამ განცხადებებს და დასძინა, რომ „საჭიროა ავაგოთ და შევინარჩუნოთ პატივისცემითი ურთიერთობა სასამართლოსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის; სასამართლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდა მოეპყროს, როგორც პარტნიორებს და არა მტრებს, როდესაც ისინი ერევიან ადგილობრივ დონეზე. გარდა ამისა, სასამართლომ ეს ორგანიზაციები უნდა მიიჩნიოს დაინტერესებულ მხარეებად მტკიცებულებების შეკრების და დაზარალებულთა მონაწილეობის უზრუნველყოფის პროცესში. ეჭვგარეშეა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ყველაზე ახლოს დგანან დაზარალებულთან და კონფლიქტით დაზარალებულ ჯგუფებთან. ბევრ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო იწყებს თავისი საქმიანობის განხორციელებას გარკვეულ რეგიონში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უკვე ჩატარებული აქვთ საუბრები დაზარალებულებთან და კონფლიქტით დაზარალებულ ჯგუფებთან და დოკუმენტირებული აქვთ მათი საქმეები, რაც მნიშვნელოვანია როგორც მტკიცებულებათა შეკრების, ისე დაზარალებულთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნებისთვის.” ცენტრალური აფრიკული რესპუბლიკის ორგანიზაცია Femme-Homme-Action Plus-ის (FHAP) წარმომადგენლის, ტატიანა ვივიენ ბანგის თქმით, „სამოქალაქო საზოგადოება მთელი ხმით ითხოვს სამართალს დაზარალებული ადამიანებისთვის, მათ შორის სათანადო შერიგების, ზარალის ანაზღაურების და რეინტეგრაციის პროგრამების სახით. სახელმწიფოებმა მხარი უნდა დაუჭირონ ამ მოთხოვნების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლოს გზით.”
რაც შეეხება გამოძიების დაწყებას საქართველოში, დაზარალებულთა მხარდამჭერმა ადგილობრივმა ჯგუფებმა აღნიშნეს სახელმწიფოების მნიშვნელოვანი როლი სასამართლოს აქტიურობაში, მათ შორის მათ მიერ ინფორმაციის მიწოდების და დაზარალებულთა სასამართლოსთან წვდომის უზრუნველყოფის მხრივ. „ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენლის ნიკა ჯეირანაშვილის განცხადებით, „დროა სახელმწიფოებმა თვალი გაუსწორონ ახალ რეალობას, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება დაიწყოს გამოძიება, რის გამოც საჭიროა დაიწყონ სამზადისი სასამართლოსა და დაზარალებულთა ჯგუფებთან თანამშრომლობისთვის. მოსალოდნელი სასამართლო პროცესი სიახლეა ორივე მონაწილე ქვეყნისთვის და მოითხოვს ადგილობრივ დონეზე არსებული შესაძლებლობების გაძლიერებას. ხელი უნდა შეეწყოს საჯარო დებატებს და ინფორმაციის პროაქტიულად გაზიარებას, რის შედეგადაც მოხდება საზოგადოების ინფორმირება მოცემულ საკითხზე. სახელმწიფოები უნდა დაეხმარონ დაზარალებულთა ჯგუფებს დოკუმენტირების პროცესში და უზრუნველყონ მათი ადეკვატური დაცვა და წარმომადგენლობა სასამართლოში.”
ლათინური ამერიკის რეგიონი პირველ ადგილზეა ადამიანის უფლებათა საფუძვლით სამართალწარმოების თვალსაზრისით, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოები მეტად უნდა დაეხმარონ ადგილობრივ ჯგუფებს იმ საქმიანობების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო სისხლის სამართლის პრაქტიკაში აღსრულებისკენ. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ენდობა თავის სახელმწიფოს და აცხადებს, რომ სახელმწიფოები ბოროტად იყენებენ სამართლის სისტემას ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა მართლმსაჯულების განხორციელებისთვის თავის არიდება და ბრძოლა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. გვატემალას სასამართლო-ანთროპოლოგიური ექსპერტიზის ფონდის წარმომადგენლის ნენსი ვალდესის თქმით, აუცილებელია, სახელმწიფოებმა აღიარონ „ადამიანის უფლებათა დარღვევების დოკუმენტირების აუცილებლობა და დახმარება გაუწიონ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს. მართლმსაჯულების ადგილობრივი სისტემა უნდა ავსებდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე წარმოებას ადგილზე ობიექტური გამოძიების ჩატარებით.” მექსიკური ორგანიზაცია CENTROPRODH-ის წარმომადგენლის არასელი მ. ოლივოსის თქმით, „ჩვენ მექსიკაში ცხოვრება გვიწევს ადამიანის უფლებათა უმწვავესი კრიზისის პირობებში. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულების მასობრივი ჩადენა, როგორიცაა წამება და იძულებით გაუჩინარება და დანაშაულებრივი კავშირი პოლიტიკურ ხელისუფლებასა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას ყოველდღიურად ქვეყანაში, სადაც დაუსჯელობა 98-99 პროცენტია. ჩვენ გვჭირდება, რომ სახელმწიფოები დაეხმარონ საერთაშორისო მართლმსაჯულებას.”
ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები რეგიონში ჩადენილი მძიმე დარღვევების ფაქტების დადგენის წინა ხაზზე იბრძვიან. ეს ხდება რომის სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულების სავარაუდო ფაქტების გამოძიებისთვის არასაკმარისი ეროვნული რესურსების პირობებში. სახელმწიფოებმა უნდა გაითავისონ, რომ სასამართლო ვალდებულია გამოძიება აწარმოოს კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის მიმართ ყველა შემთხვევაში, როდესაც არსებობს დანაშაულების ჩადენის ვარაუდის საფუძველი და გააგრძელონ სასამართლოსთან თანამშრომლობა მიუხედავად სასამართლოს პროკურორის მიერ გამოძიების მიმდინარეობისა. ორანიზაცია Al-Haq -ის წარმომადგენელმა შავან ჯაბარინის განცხადებით, „სახელმწიფოებმა სრულად უნდა დაუჭირონ მხარი სასამართლოს იმაში, რომ მან შეძლოს იმ სანატრელი მიზნის შესრულება, რასაც ჰქვია წერტილის დასმა უსასტიკესი დანაშაულების ჩამდენთა დაუსჯელობისადმი იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკურ ვითარებაში იქნა ეს დანაშაულები ჩადენილი.” ლიბიის ორგანიზაცია „იურისტები მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენელი ტომას ებსი აცხადებს, რომ „სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ სახელმწიფოებმა სათანადო ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინონ და წაახალისონ სასამართლო, რათა ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ფაქტების დადგენას. მიუხედავად სასამართლოს პროკურორის სამსახურის არაერთი განცხადებისა, რომ მისი ვარაუდით სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებული დანაშაულების ჩადენა კვლავ გრძელდება ლიბიაში, სასამართლოს არ აქვს თავისი წარმომადგენლობა ქვეყანაში უსაფრთხოების და ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამ ხელმისაწვდომობის პრობლემის მიუხედავად, თითქმის არ ყოფილა არავითარი მცდელობა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებისა ამ დანაშაულების დოკუმენტირებაში, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს ამ სისასტიკეების მსხვერპლების მიმართ მართლმსაჯულების ოდესმე აღსრულებას.”
სამოქალაქო საზოგადოების ზემოაღნიშნული წამომადგენლები ადასტურებენ იმ სახელმწიფო ორგანოებთან პოზიტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელთაც ევალებათ საერთაშორისო მართლმსაჯულებისთვის დახმარების აღმოჩენა. სასამართლოს მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეის (ASP) ყოველწლიური შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა სახელმწიფოებისთვის, მიზნობრივი დახმარება გაუწიონ სასამართლოს და უზრუნველყონ, რომ დაზარალებულთა წუხილი დარჩეს დისკუსიების ცენტრალურ თემად.
ინფორმაცია ცნობისათვის: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის მსოფლიოში პირველი მუდმივმოქმედი სასამართლო, რომლის განსჯადია ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და გენოციდი. სასამართლოს მანდატი ეფუძნება კომპლემენტარობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ჩარევა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სამართლის სისტემას არ აქვს უნარი ან არ სურს გამოიძიოს და აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების და ომის დანაშაულების ჩამდენთა მიმართ.
ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს 9 გამოძიება შემდეგ ქვეყნებთან დაკავშირებით: ცენტრალური აფრიკული რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დარფურის რეგიონი სუდანში, კენია, ლიბია, უგანდა, კოტდივუარი და მალი. ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში გამოძიების დაწყების თაობაზე. სასამართლოს საჯაროდ გაცემული აქვს 33 დაპატიმრების ბრძანება და სასამართლოში დაბარების 9 უწყება. ამჟამად მიმდინარეობს 3 სასამართლო პროცესი. გამოტანილია 2 გამამტყუნებელი და 1 გამამართლებელი განაჩენი. ამჟამად მიმდინარეობს 7 წინასწარი მოკვლევა შემდეგი ტერიტორიების სიტუაციებთან დაკავშირებით: ავღანეთი, კოლუმბია, გვინეა, პალესტინა, ერაყი, ნიგერია და უკრაინა. პროკურორის სამსახურმა დაასრულა წინასწარი მოკვლევა ჰონდურასის, ვენესუელას, პალესტინის, კორეის რესპუბლიკის და კომოროს კუნძულების საქმეებზე, რომლებშიც უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე.
ჩვენს შესახებ: ამ განცხადების ავტორები არიან ის ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობდნენ მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეის (ASP) პარალელურ სესიაზე გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოება და სასამართლო: ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ადგილობრივი პერსპექტივები”, რომელსაც მასპინძლობდა ფილიპინები და „ღია საზოგადოება – მართლმსაჯულების ინიციატივა”. ამ ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონულ კონსულტაციებში, რომლებიც გაიმართა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ფილიპინებში – მარტის თვეში, სენეგალში და ბენინში (აფრიკა) – ივნისის თვეში, კოსტა რიკაში (ლათინური ამერიკა) – სექტემბერში, ახლო აღმოსავლეთში – ივნისსა და ნოემბერში და აღმოსავლეთ ევროპაში – ოქტომბერში.
ტატიანა ვივიენ ბანგი არის Femme-Homme-Action Plus -ის (FHAP) დირექტორი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ქ-ნი ბანგი გახლავთ გახლავთ კონფლიქტით დაზარალებულთა საჭიროებებზე რეაგირების ექსპერტი, განსაკუთრებით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 2007 წელს.
ტომას ებსი არის ლიბიის ორგანიზაცია „იურისტები მართლმსაჯულებისთვის” პროგრამის ოფიცერი. იგი იმავდროულად ხელმძღვანელობს ამავე ორგანიზაციის ქალთა უფლებების პროგრამას, რომელიც მოიცავს ლიბიაში სხვადასხვა გენდერული პრობლემის მოგვარებისკენ მიმართულ რამდენიმე ინოვაციურ პროექტს. ლიბიასთან დაკავშირებით გამოძიება 2011 წელს დაიწყო.
ნიკა ჯეირანაშვილმა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში” მუშაობა დაიწყო 2011 წლის აპრილში. ფონდის ხელმძღვანელობასთან ერთად იგი გეგმავს, ასრულებს და მართავს საქმიანობებს ადამიანის უფლებათა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებით, პროკურორმა გამოძიების დაწყება მოითხოვა 2015 წლის ოქტომბერში.
შავან ჯაბარინი არის ორგანიზაცია Al-Haq -ის დირექტორი პალესტინაში. იგი ხელმძღვანელობს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ყველა მხარის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევების მონიტორინგს და დოკუმენტირებას. პროკურორის სამსახურმა წინასწარი მოკვლევის დაწყების შესახებ განაცხადა 2015 წლის იანვარში (ბატონი ჯაბარინი დისკუსიას ვერ დაესწრო).
პანჰავუტ ლონგი მუშაობს კონსულტანტად ორგანიზაციაში „კამბოჯას მართლმსაჯულების ინიციატივა”. ბატონი ლონგი არის გარდამავალი მართლმსაჯულების სპეციალისტი, მათ შორის გაეროს ეგიდით შექმნილი წითელი ქმერების ტრიბუნალის საკითხებში. კამბოჯასთან დაკავშირებით მე-15 მუხლით გათვალისწინებული კომუნიკაცია პროკურორის სამსახურს წარედგინა 2013 წელს.
არასელი მ. ოლივოსი არის ორგანიზაცია CENTROPRODH-ის კლიენტთა დაცვის კოორდინატორი მექსიკაში. ქ-ნ ოლივოსს გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლო წესით დაცვაში მექსიკაში. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ოფიციალური განცხადება მექსიკასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, მაგრამ პროკურორის სამსახურში შესულია მე-15 მუხლით გათვალისწინებული კომუნიკაცია ადამიანის უფლებათა სფეროში ამჟამად არსებულ კრიზისთან დაკავშირებით.
ბეატრის ოკერო არის სამოქალაქო საზოგადოების ქსელის ჯგუფის ხელმძღვანელი კენიაში. ქ-ნი ოკეროს გამოცდილება მოიცავს კონფლიქტით დაზარალებულ პირთა საჭიროებებზე რეაგირებას, განსაკუთრებით კენიაში. კენიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 2010 წელს.
ლინო ოგორა ოვორი არის მართლმსაჯულების და განვითარების ინიციატივების ფონდის (FJDI) დირექტორი უგანდაში. ბ-ნი ოგორა ოვორის სპეციალიზაციის სფეროა საერთაშორისო მართლმსაჯულება. იგი კარგად იცნობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობას. უგანდასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 2004 წელს. პირველი დაპატიმრება, როდესაც დააპატიმრეს ონგვენი, განხორციელდა 2015 წლის იანვარში.
ნენსი ვალდესი არის გარდამავალი მართლმსაჯულების პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციაში „გვატემალას სასამართლო-ანთროპოლოგიური ექსპერტიზის ფონდი”, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევებს იძიებს. ამ ორგანიზაციამ გვატემალას ბინძური ომის შედეგად დაკარგული მრავალი ადამიანი მოიძია. ქ-ნი ვალდესი ამ ორგანიზაციაში 1993 წლიდან მუშაობს. მისი სამუშაო სფეროებია ფაქტების დადგენა, მართლმსაჯულება, რეპარაციები, განმეორების დაუშვებლობა და გადარჩენილი ადამიანების და დაზარალებულების თხოვნებზე რეაგირება.