სამოქალაქო საზოგადოების დღე ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე

17.07.2018

17 ივლისს ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 სამიტი სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით გაიხსნა. სასტუმრო „რუმს თბილისში“ გამართულ ღონისძიებასა და პარალელურ სესიებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან სამოქალაქო საზოგადოების 500 წარმომადგენელი დაესწრო.

მონაწილეები მსჯელობდნენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სოციალურ- ეკონომიკურ გამოწვევებსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაზე, ასევე კორუფციასთან ბრძოლის, მართვის გამჭვირვალობის, მმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი 19 ივლისამდე გაგრძელდება. სამიტში ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი 75 ქვეყნიდან 2000 სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. 18-19 ივლისს სამიტს საქართველოს მთავრობა მასპინძლობს.

ღია მმართველობის პარტნიორობა მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქვეყნის მართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ.

2017 წლიდან საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანაა. სწორედ თავმჯდომარეობის ფარგლებში მასპინძლობს საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძიებას, რომელსაც, მომდევნო წელს კანადა გადაიბარებს.