საქართველოს მოსახლეობის ათასობით წარმომადგენელი განიკურნა C ჰეპატიტისგან იმ ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტის შედეგად, რომლის ფარგლებშიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში აგრესიული სტრატეგიის ეფექტურობას ამოწმებს.
ამ უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა მკვიდრი, რომელიც C ჰეპატიტითაა დაავადებული – დაახლოებით 130 000 ადამიანი – უფასოდ მკურნალობს ძვირადღირებული ამერიკული წამლებით. მაისში უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც პროგრამა ხორციელდება, ხოლო 2020 წლისთვის, საქართველო იმედოვნებს, რომ პირველი ქვეყანა გახდება მსოფლიოში, რომელიც ფაქტობრივად გათავისუფლდება ღვიძლის ამ ინფექციური დაავადებისგან.
პროექტი ხორციელდება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Gilead Sciences Inc. მიერ. სწორედ ამ უკანასკნელმა შეიმუშავა პრეპარატი C ჰეპატიტის წინააღმდეგ. 2015 წელს, Gilead-ის პრეპარატი სახელწოდებით „სოვალდი” C ჰეპატიტით დაავადებულ და მწვავე გართულებების, მათ შორის ღვიძლის ფიბროზის და ციროზის მქონე 5 800 ქართველ პაციენტს დაუნიშნეს. მომდევნო წელს კი Gilead-ის მიერ შემუშავებული ახალი პრეპარატი „ჰავრონი” ამ დაავადების მქონე ყველა ადამიანს დაენიშნა.
საქართველოს ოფიციალური პირების და ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, იმ 30 000 მოქალაქიდან, რომელთაც მკურნალობა პროგრამის განხორციელების პირველი ორი წლის განმავლობაში გაიარეს, 90% სრულად განიკურნა.
„ბუნებრივია, გასულ წელს უკეთესი შედეგები მივიღეთ, რადგანაც პროგრამაში ჩართული პაციენტების უმეტესობას არ ჰქონდა ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანება და მათთვის გვქონდა ახალი, კომბინირებული პრეპარატი”, – განაცხადა პროგრამაში მონაწილე კლინიკის „ნეოლაბი” ექიმმა, ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა მაია ბუცაშვილმა.
მკურნალობის წარმატების დონემ 80% შეადგინა იმ პაციენტებში, რომელთაც ღვიძლის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ, ხოლო შედარებით ნაკლებად მწვავე სტადიის მქონე პაციენტებში – 97%, განაცხადა ბუცაშვილმა, რომელიც ასევე ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორია. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ძირითადად ვირუსული ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისკენაა მიმართული.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, Gilead Sciences-ის მიერ წარმოებული „სოვალდის” 1 აბი 1000 აშშ დოლარი ღირს. ხოლო პრეპარატ „ჰავრონით” მკურნალობის 12-კვირიანი კურსი დაახლოებით 84 000 აშშ დოლარი ჯდება. კომპანიის გულუხვობა ქართული ექსპერიმენტის ფარგლებში, რეალურად, ინვესტიციაა: პროექტის წარმატება შესაძლოა დაეხმაროს კომპანიას, რომ მსოფლიო მასშტაბით C ჰეპატიტის ელიმინაციის საერთაშორისო და ეროვნულ დონეებზე დაფინანსებული პროგრამების აუცილებლობა დაასაბუთოს, და ამასთან, ყველა იმ პირისთვის, რომელსაც ეს სჭირდება, მკურნალობის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, Gilead-ის წარმომადგენლებს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ კითხვებზე პასუხი არ ჰქონდათ გაცემული.
საქართველო საცდელ პოლიგონად თავისი შედარებით მცირე მოსახლეობის და C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი დონის გამო შეირჩა. საქართველოს მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია ამ დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, ეგვიპტის და მონგოლეთის შემდეგ. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6.7% (თითქმის 200 000 ადამიანი) იყო დაავადებული C ჰეპატიტით.
დაავადება მას შემდეგ გავრცელდა საქართველოში, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და სამოქალაქო ომისა და ეკონომიკური არასტაბილურობის ხანგრძლივ პერიოდში ჩაიძირა. იმ პერიოდში, სტერილიზაციის პრაქტიკა ყოველგვარ სტანდარტებს სცდებოდა, ხოლო ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება ფართოდ იყო გავრცელებული. „ახლა ჩვენ 90-იანი წლების დიდი ინფიცირების შედეგებს ვიმკით. ბევრი მამაკაცი გვყავს 40 წლის ფარგლებში, რომელთაც სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის დაავადებები აღენიშნებათ”, – განაცხადა ბუცაშვილმა.
საერთაშორისო ფონდი კურაციოს და საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ დგას C ჰეპატიტით ინფიცირების მთავარი წყაროს – ინექციური ნარკოტიკების მოხმარების მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე. ქვეყანაში თითქმის 50 000 აქტიური მომხმარებელია.
ვინაიდან ბოლო დრომდე საქართველოში ფაქტობრივად არანაირი სახელმწიფო დახმარება არ არსებობდა, დაავადების მქონე ბევრი მოქალაქე ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში გაემგზავრა, რათა იქ ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ სამკურნალო პროგრამებში მიეღო მონაწილეობა, განაცხადა ინა ინარიძემ ფრანგული ჰუმანიტარული ორგანიზაციიდან Médicines du Monde. ეს ორგანიზაცია საქართველოში C ჰეპატიტის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამაში იყო ჩართული. „წლების განმავლობაში C ჰეპატიტით მაღალი ავადობა აღენიშნებოდათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ საფრანგეთში – ქვეყანაში, რომელიც სოციალურ დაცვას სთავაზობს იმ მიგრანტებსაც კი, რომელთაც არანაირი დოკუმენტები არ გააჩნიათ”, – განაცხადა ინარიძემ.
წლების განმავლობაში C ჰეპატიტთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს არ წარმოადგენდა, ხოლო ამ დაავადების ასოცირება ნარკოტიკების გამოყენებასა და მოუწესრიგებელ სქესობრივ კავშირთან, არ უწყობდა ხელს საზოგადოების მიერ თანაგრძნობის გამოხატვას, განაცხადა ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” ზიანის შემცირების პროგრამების კოორდინატორმა, მარინა ჩოხელმა. „ამის გამოსასწორებლად, ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ იმაზე, რომ დავხმარებოდით პაციენტებს თემად ჩამოყალიბებაში, რათა მათ შეძლებოდათ ხელისუფლებისგან ყურადღება მოეთხოვათ და საზოგადოების დამოკიდებულება შეეცვალათ”.
ამგვარმა ადვოკატირების კამპანიამ უბიძგა ხელისუფლებას, რომ მეტი ყურადღება დაეთმო ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის. გარდატეხის მომენტი 2013 წელს დადგა, როდესაც ხელისუფლებამ ციხეებში უფასო მკურნალობის შეთავაზება დაიწყო. მანამდე ქართულმა სახელმწიფომ რამდენიმე საქმე წააგო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმის გამო, რომ С ჰეპატიტით დაავადებულ პატიმრებს სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინა.
ციხეებში პროგრამის განხორციელების დაწყებასთან ერთად, ჩინოვნიკებმა გააცნობიერეს როგორც პრობლემის მასშტაბი, ისე მისი მკურნალობის ღირებულება, განაცხადა ბუცაშვილმა. „რადგან თითოეული პირი, რომელიც არ არის ნამკურნალები, ახალი ინფექციის პოტენციური წყაროა, უფრო ეფექტიანია პრობლების კომპლექსური მოგვარება”, – დასძინა მან.
ამჟამად, უფასო მკურნალობით სარგებლობა ყველა მოქალაქეს შეუძლია, მაგრამ აქტივისტები იმასაც ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ინფექციის არსებობის შესამოწმებელი ტესტების და მკურნალობის შემდგომი ტესტების ღირებულებაც დაფაროს. ტესტები დაახლოებით 200 აშშ დოლარი ღირს და ნაწილობრივ ამ ღირებულებას ხელისუფლება ფარავს, თუმცა დარჩენილი ხარჯების გაწევაც კი დიდ სირთულეებს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ღარიბ ფენას, განაცხადა ჩოხელმა.
ინარიძე და ჩოხელი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მკაცრი ანტინარკოტიკული პოლიტიკა ხელს უშლის დაავადების აღმოფხვრისკენ მიმართულ ძალისხმევას, რადგან ნარკოტიკების მომხმარებლები, როგორც წესი, დეტოქსიფიკაციის და ზიანის შემცირების პროგრამებს გაურბიან. „სანამ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც ხარჯების გამო არ იტარებენ ამ ტესტებს… და სანამ ხელისუფლების პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებლების დევნაზე უფრო იქნება ფოკუსირებული, ვიდრე მათ ჩართულობაზე, პროგრამა ვერ განხორციელდება ისეთი ტემპებით, როგორც ეს უნდა მოხდეს”, – განაცხადა ჩოხელმა.
და მაინც, საქართველოში ძალიან უხარიათ, რომ ამ პროგრამის განხორციელება საერთოდ შესაძლებელი გახდა.
„ისტორიამ ინფექციური დაავადების გლობალური აღმოფხვრის მხოლოდ ერთი წარმატებული შემთხვევა იცის და ეს იყო ყვავილი”, – განაცხადა ბუცაშვილმა. „თუ საქართველოში განხორციელებული ძალისხმევა წარმატებული გამოდგა, ეს რეალურ იმედს გააჩენს, რომ მეორე ასეთი შემთხვევაც დადგეს”.