28 სექტემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში” (ჭოველიძის 4, )ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის ამსახველ კრებულს წარადგენს.
ეს არის აკადემიური სტატიების ერთიანობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ტექსტისა და კონსტიტუციური წესრიგის შესახებ მოგვითხრობს.
კრებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის შესავალი სიტყვით იწყება.
ღონისძიება გაიხსნება საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმით, რომელიც ერთგვარი ისტორიული ექსკურსია 1995 წლიდან დღემდე.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები დაესწრებიან.
ბოლო 20 წლის განმავლობაში, კონსტიტუციური ტრანსფორმაციებისა და რეფორმების კვალდაკვალ, საქართველოს კონსტიტუცია მუდმივი დებატის საკითხია. ამ განხილვებისას, შედარებით ნაკლები დრო ეთმობა უფრო ფართო პოლიტიკური, სოციალური თუ ისტორიული კონტექსტის ანალიზს. ეს კრებული კონსტიტუციის ტექსტს ფართო საზოგადოებრივ კონტექსტში აცნობს მკითხველს, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის საქართველოს კონსტიტუციის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე მსჯელობისთვის.