საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს

29.01.2020

28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთვის სიტყვით მიმართვისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, მათ შორის, მოიაზრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორებზე შესვლა  დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შესვლა აკრძალულია.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონის უგულებელყოფის გაცხადებული განზრახვა სწორედ იმ სახელმწიფოს დელეგაციის წევრთა სასარგებლოდ, რომლის სამხედრო აგრესიის შედეგიცაა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, საგანგაშოა და ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომელის ქვაკუთხედიც კანონის უზენაესობაა. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას კი აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლება არ ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში. უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობის უგულებელყოფა იქნება გზავნილი, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის, რომ კანონის მოთხოვნები ფორმალობაა და თანამდებობის პირები თავად გადაწყვეტენ, როდის შეიძლება მათი დარღვევა.

იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედების უზრუნველყოფა ევალება არა პრეზიდენტს, არამედ საქართველოს მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ გაკეთდეს მკაფიო და საჯარო განცხადებები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის უზენაესობისა და აღსრულების უზრუნველყოფაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

[1] საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მუხლი 9

სიახლეები

მულტიმედია