კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის” ეხმაურება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის გააქტიურებას
20 ივნისი, 2019
კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის” ეხმაურება ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ჰიბრიდული ომის განსაკუთრებულ გააქტიურებას და ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ფორსირებულ შეტევად აფასებს. კოალიცია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ეს გააქტიურება მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის ინერტულობის, ან ზოგიერთ შემთხვევაში, ამ პროცესების ხელშეწყობის ფონზეც კი. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში კი იმ რუსი დეპუტატების საქართველოში მოწვევა, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ღია განცხადებები აქვთ გაკეთებული ოკუპაციის მხარდასაჭერად, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა.
აშკარაა, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო არაადეკვატურად რეაგირებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ხშირ შემთხვევაში კი ახალისებს კიდეც პრორუსულ და რადიკალურ სენტიმენტებს, რისი დადასტურებაც არის ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები დავით გარეჯის საკითხსა თუ „თბილისი პრაიდის” ჩატარებასთან დაკავშირებით.
ცალსახაა, რომ პრორუსული ძალები ფორსირებულად უტევენ და საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კი სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ, რათა შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობები და იმოქმედოს ანტისახელწიფოებრივი ქმედებების წინააღმდეგ. თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს დაუყოვნებლივ, ქვეყნის ინტერესებს მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით.
###