შეხვედრები ექიმებთან დასავლეთ საქართველოში

01.07.2019

24-27 ივნისს დასავლეთ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან, სოფლის ექიმებთან და ონკოლოგებთან ტკივილის მართვის პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა, რომელსაც წინ უძღვოდა საინფორმაციო შეხვედრები  შიდა ქართლის და ქვემო ქართლის 100-ზე მეტ ექიმთან.

ბათუმსა და ქუთაისში შეხვედრები სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” დახმარებით დაიგეგმა, ლანჩხუთში კი სოციალურ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.

შეხვედრების მიზანია ექიმების კვალიფიკაციის გაზრდა ტკივილისა და პალიატიური სიმპტომების მართვის საკითხებში.

“ქუთაისისა და ლანჩხუთის ექიმებთან შეხვედრით დავასრულეთ შეხვედრები დასავლეთ საქართველოში. ვესაუბრეთ ადამიანებს, რომელთაც ესმით, რომ მკურნალობის მიღმა მნიშვნელოვანია პაციენტის სიცოცხლის ხარისხის და ღირსების შენარჩუნება. განსაკუთრებით ახლოს არიან პაციენტებთან სოფლის ექიმები. ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას სწორედ სოფლის ექიმები ესწრებოდნენ. მათი მხრიდან ყველა გაზიარებულ ამბავში და მოყვანილ მაგალითში იგრძნობოდა, რომ თითოეული ოჯახის ამბავი მათი პირადი სატკივარია. დიდი მადლობა მათ ასეთი ინტერესისთვის და მზაობისთვის, რომ მიიღონ უახლესი ინფორმაცია და ტკივილით გატანჯული პაციენტი წარსულს ჩაბარდეს საქართველოშიც, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც ტკივილისთვის პაციენტის გაწირვა მიიჩნევა “წამებად ჯანდაცვაში”-ამბობს ნინო მირზიკაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი.

შეხვედრის მონაწილეები იმის მიხედვით შეირჩნენ, თუ რამდენად აქვთ შეხება ქრონიკული და განუკურნებელი დიაგნოზის მქონე პაციენტებთან. ტკივილი ხშირად თანმდევია ისეთი დაავადებებისა, როგორის არის ონკოლოგიური დაავადებების ბოლო სტადია, შაქრიანი დიაბეტის გართულებები, მძიმე ნევროლოგიური დარღვევები და ასე შემდეგ.

“ტკივილის სიმპტომების მართვის პროცესში პირველი ნაბიჯი მისი შეცნობა და აღიარებაა, რაც ექიმის ვალდებულებაა. საჭიროების შემთხვევაში ტკივილის საკითხის იგნორირება და ტკივილგამაყუჩებლის უარყოფა, გავრცელებული არასწორი წარმოდგენა ოპიოიდებზე დამოკიდებულების შესახებ, დაუხვეწავი კანონმდებლობა და ტკივილის მართვის საკითხების ექიმების არასაკმარისი ცოდნა ხშირად პაციენტს გაუსაძლისი ტკივილისთვის იმეტებს.”-ნინო კიკნაძე, ღია საზოგადოების ფონდის ჯანდაცვის პროგრამის წარმომადგენელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2017 წლის მონაცემებით:

საქართველოში 47822 ადამიანი გარდაიცვალა.

აქედან, დაახლოებით 20 000-ს აღენიშნებოდა საშუალოდან ძლიერი ინტენსიობის ტკივილი, რომლის გაყუჩება შესაძლებელია ოპიოიდური საშუალებებით-მორფინით

ამავე წელს, მორფინით ტკივილი გაუყუჩდა მხოლოდ 3000-მდე უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტს

ძლიერი ტკივილის მქონე პაციენტთა 80 %-ზე მეტი ტკივილით იტანჯება

„პაციენტის ტკივილისადმი არსებული მიდგომა პაციენტს ტკივილის მოთმენას აიძულებს. ამ დროს ქვეითდება ცხოვრების ხარისხი, პაციენტი ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობას ვეღარ აგრძელებს და მთლიანად წყდება ოჯახის წევრებს და ცხოვრების ძვირფას მომენტებს. გაუსაძლისი ტკივილი იწვევს დეპრესიას და ხშირად, თვითმკვლელობამდეც მიჰყავს ადამიანი. აქ თანაბარი პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას- ექსპერტებს, ექიმებს, კანონმდებლობის შემქმნელებს და  საზოგადოებას.  ხშირად ექიმები არიდებენ თავს მძიმე ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნას, ისეთი როგორიც არის მორფინი. პაციენტებმა  და მათი ოჯახის წევრებმაც არ იციან, რისი მოთხოვნა შეუძლიათ, რისი უფლება აქვთ, მათზე მოქმედებს გავრცელებული სტერეოტიპი მორფინზე და მსგავს საშუალებებზე დამოკიდებულების გაჩენის შესახებ. სინამდვილეში კი დამოკიდებულება არ ვითარდება ტკივილის სწორად მართვის დროს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას ექიმებთან, რომ მათ პროცესის სწორად მართვა შეძლონ“- აღნიშნავს ფატი ძოწენიძე.

შეხვედრა ტარდება პროექტის „დაინახე ჩემი ტანჯვა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

შეხვედრები გაიდლაინის “ტკივილისა და პალიატიური მზრუნველობის ძირითადი სიმპტომების მართვა” ეყრდნობა.

 

 

ტკივილისა და პალიატიური მზრუნველობის ძირითადი სიმპტომების მართვა by OSGF on Scribd

დარეჯანი და მაიას ისტორია ტკივილთან დაკავშირებული მძიმე გამოცდილებაა, რაც ათასობით ადამიანის ამბავიცაა.