“ბავშვთა ჰოსპისმა” პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის შინ ზრუნვის მომსახურება დაიწყო. სპეციალურად მომზადებულმა ექთნებისა და ექიმებისგან შემდგარმა გუნდმა 16 მარტს პირველი პაციენტი მიიღო.
ააიპ “ბავშვთა ჰოსპისი” ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიზანია ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის განვითარება საქართველოში. ამ ეტაპზე “ბავშვთა ჰოსპისის” გუნდი ახორციელებს განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვების ბინაზე მომსახურებას. 2016 წელს იგეგმება პირველი ბავშვთა ჰოსპისის გახსნა თბილისში.
შინ ზრუნვის ოფისი, რომელიც სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა” “ბავშვთა ჰოსპისის” შინ ზრუნვის გუნდს უსასყიდლოდ დაუთმო და გაურემონტა, თბილისში, ლუბლიანას 21-ში მდებარეობს. მოქმედებს ცხელი ხაზიც (570 707 757).
შინ ზრუნვის გუნდი შეეცდება გააუმჯობესოს პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხი და თანადგომა გაუწიოს მათი ოჯახის წევრებს.
2013 წელს ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ’ კვლევა ჩაატარა და შეისწავლა პალიატიური მზრუნველობის საჭიროება ბავშვებში. კვლევის თანახმად საქართველოში ყოველწლიურად 839 ბავშვს ესაჭიროება პალიატიური მზრუნველობა. (კვლევის ანგარიში PDF).
###
ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა აერთიანებს კლინიკურ, ფსიქოლოგიურ, ეთიკურ და სულიერ ასპექტებს იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ცოტა ხნის სიცოცხლე აქვთ დარჩენილი. მოზრდილებისგან განსხვავებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ.
უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა ოჯახზეა ორიენტირებული. უმჯობესია, რომ პალიატიური მზრუნველობა რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიწყოს. ეს ეფექტურია როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახის წევრებისათვის, რადგან ამსუბუქებს ტკივილს და ემოციურ გადატვირთვას, რომლებიც ბავშვს და მის ოჯახს ერთნაირად ურთულებს მძიმე დაავადებასთან შეგუებას და ბრძოლას.