ბოლო წლებში ქართულ მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვანი სისტემური და ინსტიტუციური ცვლილებები მოხდა. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დღე ამ სფეროში განხორციელებული რეფორმების და ცვლილებების შეჯამებაა, რომელიც მიმოიხილავს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებებს ბოლო 10 წელიწადში, საგამოძიებო სისტემის რეფორმის საჭიროებასა და რიგი მუხლების პრობლემურობას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, მსჯელობას მოსამართლის როლზე სისხლის სამართლის პროცესში და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.
18 დეკემბერს ღია საზოგადოების ფონდის და კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ორგანიზებით გამოქვეყნდა კვლევა 2009 წელს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს შორის ყველაზე მასშტაბურ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს. სიახლეები საპროცესო კოდექსში ეხებოდა ინკვიზიციური მოდელიდან შეჯიბრებით სისტემაზე გადასვლას, შესაბამისად, სამართალწარმოების პროცესში მოსამართლის როლის განსხვავებულად დარეგულირებას, უშუალობის პრინციპს, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და ა.შ. ამ ცვლილებების მიზანი მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა და ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფა იყო. კვლევა ავლენს, რომ ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება კვლავ რჩება ბუნდოვანი ტრანსფორმაციის ეტაპზე. საპროცესო კოდექსის ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოა, ამ დრომდე არ არის სრულყოფილად ამოქმედებული. არ არის უზრუნველყოფილი მხარეთა თანასწორობა მტკიცებულებების მოპოვებისას, ვინაიდან კვლავაც მნიშვნელოვნადაა შეზღუდული დაცვის მხარის შესაძლებლობა საქმე დამოუკიდებლად და სრულყოფილად აწარმოოს.
მომხსენებლები იყვნენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი.
ღონისძიება მხარდაჭერილია East-West Management Institute “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” პროექტის და აშშ განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.