„სოციალური საბინაო ფონდის შექმნის მექანიზმები“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული კვლევაა, რომელიც უსახლკაროთათვის სოციალური საცხოვრისით უზრუნველყოფის-საბინაო ფონდის საკანონმდებლო მოწესრიგების კონცეფციას გვთავაზობს. კვლევის ავტორია თსუ-ს პროფესორი კობა ყალიჩავა.
ბოლო პერიოდში უსახლკაროთა საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამას განაპირობებს უსახლკარობის გამომწვევი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ავარიული საბინაო ფონდი, საბანკო სესხების სანაცვლოდ, ერთადერთი საცხოვრისის უზრუნველყოფა, ლუდომანიისა და ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანების მხარდამჭერი სისტემების არ არსებობისა და სხვა მიზეზების გამო ბინების მასობრივი დაკარგვა და ა.შ.
კვლევაში ავტორი გვთავაზობს სოციალური საბინაო ფონდის შექმნის სამართლებრივი მოწესრიგების კონცეფციას. კვლევაში გაცემულია პასუხი შემდეგ კითხვებზე: რატომ არის საჭირო სპეციალური მომწესრიგებელი კანონის მიღება და რომელი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება აუცილებელი; ვინ არის სოციალური საცხოვრისით უზრუნველყოფის სამიზნე ჯგუფი; რა არის სოციალური საბინაო ფონდის უპირატესობები და როგორი იქნება მოსალოდნელი შედეგები; ასევე, რა ინსტრუმენტები უნდა იყოს გამოყენებული ბენეფიციარების დასაცავად.
კვლევაში ავტორი გვთავაზობს საბინაო ფონდის შექმნის ყველაზე ხშირად გამოყენებულ გზებსა და მექანიზმებს. დოკუმენტში, ასევე, განხილულია ამ მექანიზმების იერარქიის პრინციპი, რომლის შესაბამისად, არ შეიძლება სისტემა დამოკიდებული იყოს, უპირატესად მხოლოდ ერთი ტიპის სერვისზე (მაგალითად ქირის სერვისზე) , რადგან ასეთი მიდგომა არ ხასიათდება სტაბილურობით და მაცხოვრებლისთვის არ ქმნის სიმშვიდის განცდას. საბოლოო ჯამში კი, ვერ აკმაყოფილებს ღირსეული ცხოვრების სტანდარტს.