როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 11 დეკემბერს სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოში” განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ – “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს”. ცვლილებების თანახმად, ზრუნვის სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ნაცვლად იმისა, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკი ახლადშექმნილ სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში” უკონკურსოდ გადაეყვანა, საჭიროების მიუხედავად, 33 სოციალური მუშაკი, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ პროცესებს წინ უძღოდა სოციალურ მუშაკთა მიერ ორგანიზებული გაფიცვაც და, სოციალურ მუშაკთა გაერთიანების სახით, ახალი პროფკავშირის დაარსებაც. სოციალურ მუშაკებს სამართლებრივ დახმარებას სამი ორგანიზაცია უწევდა: 8 სოციალური მუშაკის უფლებებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა, 7-ის სოლიდარობის ქსელი, 8-ის კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
2022 წლის თებერვლის მდგომარეობით 23 დავაში 18 მოსარჩელის შემთხვევაში საქმის წარმოება უკვე დასრულდა. მთელ რიგ საქმეებში სასამართლოებმა მოსარჩელეთა მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილეს – ბათილად ცნეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები და სსიპ
“სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს” როგორც სოციალური მუშაკების სამსახურში აღდგენა, ისე მათთვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება დაავალეს.
2019 წელს გათავისუფლებული სოციალური მუშაკების 18 საქმეზე სასამართლო დავის წარმატებით დასრულება სოციალური დაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებების შედეგად კვალიფიციური სოციალური მუშაკები დაუბრუნდნენ სამსახურებს. ამასთანავე, სოციალური მუშაკების წარმატებული საქმე ხაზს უსვამს შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი ბრძოლის აუცილებლობას. სოციალურმა მუშაკებმა სასამართლოს გზით დაამტკიცეს მათი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, რაც ამ სფეროში არსებული დეფიციტის ფონზე ბენეფიციარებისთვის განსაკუთრებული ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო და ნათლად წარმოაჩენდა სახელმწიფოს სოციალურ უპასუხისმგებლობას.
წარმატებით დასრულებული სასამართლო დავების შემდეგაც, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებისა და მისი პარტნირი ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს მუშაკების შრომითი უფლებების შესახებ ადვოკატირება და მათი უფლებებისთვის ბრძოლა.