სტიპენდია ჟურნალისტებისთვის - საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) კონკურსს აცხადებს

25 ოქტ, 2023

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) აცხადებს კონკურსს სტიპენდიანტი ჟურნალისტის შესარჩევად. კონკურსი გამოავლენს მედიის წარმომადგენელს, რომელიც 1 წლის განმავლობაში მიიღებს სტიპენდიას ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების ეთიკურად გაშუქებისთვის.

ჟურნალისტებისთვის ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია პროექტის  „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“ (CPR) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება [1]. კონკურსი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მედიაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების  ეთიკურ გაშუქებას.

სტიპენდიის კონკურსი ღიაა მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის, სოციალური და ახალგაზრდობის სფეროში მუშაობენ მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული იმ საკითხების მონახაზი, რომელთაც ერთი წლის მანძილზე გააშუქებენ. შედეგად, შეირჩევა მედიის შვიდი წარმომადგენელი, რომელიც 2024 წლის განმავლობაში მოამზადებს 12 მედიაპროდუქტს და ყოველთვიურად მიიღებს 100 ევროს ოდენობის სტიპენდიას ( ექვივალენტი ლარში გროს).

 

კონკურსის გამარჯვებულის შერჩევის კრიტერიუმები:

ა) განმცხადებელი/მედიის წარმომადგენელი უნდა მუშაობდეს ჯანმრთელობის, სოციალური და ახალგაზრდობის სფეროებში;

ბ) განმცხადებელმა საკონკურსო განაცხადში უნდა დაასაბუთოს მზადყოფნა  ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისთვის;

გ) 2024 წლის 12 თვის განმავლობაში გასაშუქებელი საკითხების მონახაზი/აღწერილი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს  თანდართულ სახელმძღვანელოს “ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების  ეთიკური გაშუქება მედიაში”

დ) გამარჯვებულების შერჩევისას, გათვალისწინებული იქნება მედიაპროდუქტში წარმოჩენილი/განხილული რეგიონებისა და ბენეფიციარების მრავალფეროვნება.

 

შენიშვნა: სასურველია, 2024 წლის განმავლობაში დაგეგმილი მედიაპროდუქტები წარმოაჩენდეს CPR პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების მიერ შემუშავებული კვლევების შედეგებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციასა და საუკეთესო პრაქტიკას.

 

განაცხადების მიღება:

მსურველებმა შევსებული განაცხადი, თანდართული ფორმის მიხედვით,  უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე:

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: სტიპენდია EU-OSGF 2023

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 30 ნოემბერი 24:00 საათი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღია საზოგადოების ფონდი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

[1] კონკურსის ჩატარებაზე, საკონკურსო ტექსტის შინაარსსა და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი და შესაძლოა,, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.