თანასწორობა და შრომითი ურთიერთობები საქართველოში: საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა

26.09.2018

დოკუმენტი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის” შიდა პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ”.

საქართველოსთვის გამოწვევად რჩება შრომითი ურთიერთობების სფეროში გარკვეული ჯგუფების თანასწორობის უზრუნველყოფა, როგორც ნორმატიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე. საკანონმდებლო ჩარჩო დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად 2013-20141 წლებში შეიქმნა. თუმცა ის სრულად ვერ პასუხობს რეალობაში არსებულ უთანასწორობის ფორმებს და მასშტაბს და არ ითვალისწინებს ევროპული ანტიდისკრიმინაციული სამართლის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიაზროს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საჭიროება.

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, მის მიერ განხილულ საქმეთა 16%-ში დისკრიმინაცია ან დისკრიმინაციის წახალისება დადგინდა; საქმეთა 70%-ში საქმის განხილვა შეწყდა, რადგან მხარემ სამართლებრივი დაცვის ალტერნატიული საშუალება გამოიყენა (სასამართლოს მიმართა), ან მოპასუხემ საქმესთან დაკავშირებით არ წარმოუდგინა ინფორმაცია (მტკიცებულებები). იმავე მონაცემების თანახმად, უფლებათა დარღვევის დოკუმენტირებულ შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა შრომით სფეროს მიემართება. ამ მხრივ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დგანან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელი საჯარო სექტორში კვლავ ძალზე დაბალია (2016 წლის მდგომარეობით, დასაქმებულთა 0.1% იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) და ეს მაჩვენებელი არ ავლენს გაუმჯობესების ტენდენციას; არ არსებობს ზუსტი მონაცემები კერძო სექტორიდან. ქალებთან დაკავშირებით სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით პრობლემურია გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის შრომით სფეროში სექსუალური შევიწროების ხშირი შემთხვევები, უთანასწორო ანაზღაურება, დასაქმების შეწყვეტა და ქალთა დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.

 

თანასწორობა და შრომითი ურთი… by on Scribd

NEWS

MULTIMEDIA