თბილისისა და ქუთაისის გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კიდევ 5 ქალაქში ამოქმედდება

05.10.2016

2017 წლის იანვრიდან, თბილისისა და ქუთაისის გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო  კიდევ 5 ქალაქში – ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში ამოქმედდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ვილფრედ ლორიელს უნივერსიტეტის პროფესორ, ნოკოლაი კოვალევთან თანამშრომლობით და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, აღნიშნულ ქალაქებში, საინფორმაციო ლექცია/დისკუსიებს ატარებს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. ამ პერიოდიდან დღემდე სასამართლომ მათი დახმარებით 22 საქმე განიხილა. მათ შორის იყო საზოგადოებისათვის ცნობილი, არაერთი გახმაურებული საქმე თუ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ გამართული პროცესები.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებული ინსტიტუტია, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საქართველოში აქამდე არსებულ მართლმსაჯულების პრაქტიკას. სამწუხაროდ, დღემდე სათანადო ყურადღება არ ეთმობა საზოგადოების ინფორმირებას ამ სისტემის მუშაობის შესახებ, რის გამოც პრობლემატურია მსაჯულთა შერჩევა, რაც საქმეების რაოდენობის ზრდასთან ერთად რთულება.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და საჯარო ინსტიტუტები თანაბრად იყვნენ ინფორმირებული სისტემის მუშაობის პრინციპებსა და წესებზე.

ლექციებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ლექციების განრიგი მდებარეობის მიხედვით:

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 10 ოქტომბერი, 13:00 სთ.

ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკა- 10 ოქტომბერი, 17:00 სთ.

ზუგდიდი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი-11 ოქტომბერი, 11:00 სთ

ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი- 11 ოქტომბერი, 16:00 სთ.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი-12 ოქტომბერი, 13:00 სთ.

რუსთავი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი-12 ოქტომბერი, 17:00 სთ.

თელავი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი-13 ოქტომბერი 12:00 სთ.

თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორი A101-13 ოქტომბერი, 17:00 სთ.

###

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ 32

საკონტაქტო პირი: გიორგი მელაძე, ტელ: 555 555 555; ელ.ფოსტა: gmeladze@gmail.com