თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება

09.07.2024

დღეს თბილისში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”. ღონისძიება გახსნა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან. პირველი დღე ეთმობა მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარებას კანდიდატი ქვეყნებისთვის საერთო ინტერესის ისეთ საკითხებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროინტეგრაციის პროცესში.

მას შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბერში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების რიგებს შეუერთდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების საჭიროება უფრო აქტუალური გახდა. ეს ქვეყნები ევროკავშირში გაწევრების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან, თუმცა  მათ საერთო მიზნები, ღირებულებები და ევროპული დღის წესრიგი აერთიანებთ. ევროკავშირისკენ მიმავალ რეფორმების რთულ გზაზე მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თბილისში გამართული კონფერენციის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს პლატფორმას, რომელიც  აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებების, ექსპერტული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს გააერთიანებს, ბიძგს მისცემს დიალოგის გააქტიურებას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე და ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრების გზაზე არსებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას, რეფორმების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

კონფერენცია ტარდება სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (CSF), ბერლინში მოქმედი „თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის“ (LibMod), საქართველოში არსებული გერმანული პოლიტიკური ფონდების  – კონრად ადენაუერის (KAS), ფრიდრიხ ებერტის (FES), ფრიდრიხ ნაუმანის (FNF), ჰაინრიხ ბიოლის (HBS) – ორგანიზებით და მხარდაჭერილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მერკატორის ფონდის ბერლინის ოფისის მიერ.

სიახლეები

მულტიმედია