ტრენინგი: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება

19.05.2016

 

19 მაისს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში საინფორმაციო შეხვედრა – “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) – რისკები და შესაძლებლობები” გაიმართა .

შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დირექტორი ერიკ ლივნი უძღვებოდა და მას საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის აპარატის თანამშრმლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებითა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებებზე და მათ მნიშვნელობაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ DCFTA-ის ჰარმონიზაციის ზომების გატარებასთან დაკავშირებით, შიდა მწარმოებლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისების თემებზე.

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა პროექტის – “ევროინტეგრაციის პროცესზე ცნობიერების გაზრდა საქართველოში” – ფარგლებში, რომელსაც ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” რუმინულ ორგანიზაციასთან “რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრი” ერთად 2015 წლის ბოლოდან ახორციელებს რუმინეთის მთავრობის დაფინანსებით.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ა.წ. აპრილსა და მაისში საქართველოს ხუთ ქალაქში (ქუთაისი, ახალციხე, ზუგდიდი, ბათუმი და თბილისი) ჩატარდა საჯარო ლექციები, რომელსაც უძღვებოდა ქ-ნი მონიკა მაკოვეი, ამჟამად ევროპარლამენტარი რუმინეთიდან, ყოფილი რუმინეთის იუსტიციის მინისტრი. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენლებმა. პროექტის ფარგლებში მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში დაგეგმილია შეხვედრები მაღალმთიანი აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, სვანეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლის და იმერეთის ექვსი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასთან.