10 ოქტომბერს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით გაზეთმა “თავისუფალი სიტყვა” წარმოადგინა ახალი ინტერნეტგამოცემა www.TSPRESS.ge.
შვიდწლიანი არსებობის მანძილზე, გაზეთს განხორციელებული აქვს სხვადასხვა აქტივობები ადამიანის უფლებათა დაცვის, ხელისუფლების საქმიანობის საჯაროობის, მოქალაქეთა საკუთრების უფლებების დაცვისა და ადვოკატირების კუთხით. გაზეთი გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებდა ჟურნალისტურ გამოძიებებსა და საბიუჯეტო მონიტორინგის მასალებს, წერდა სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.
TSPRESS.ge-ს გუნდი სვანეთიდან, სამეგრელოდან და აჭარიდან ოპერატიულად და მიუკერძოებლად აშუქებს ყოველდღიურ ახალ ამბებსა და აქტუალურ მოვლენებს.
“ეს არის ერთ-ერთი იმ საინფორმაციო ცენტრთაგანი, რომლებიც ფონდმა ბოლო პერიოდში დააფინანსა.ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერით ხელს შევუწყობთ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების გაძლიერებას რეგიონებში, განვავითარებთ ახალი მედიის მიმართულებას და მოსახლეობა მიიღებს ობიექტურად გაშუქებულ ინფორმაციას”- ამბობს ირაკლი ცერცვაძე, ფონდის მედიაპროგრამის კოორდინატორი.