პუბლიკაცია მომზადებულია ურბანული კვლევების ცენტრის მიერ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით
2015 წლიდან საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მოქალაქეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონით დაფუძნდა მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა. ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვამ შესაძლებლებელი გახადა მონაწილეობით პრაქტიკაზე დაკვირვება და მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების გამოკვეთა. სირთულეები ნათლად ჩანს ურბანული დაგეგმვის პროცესში, სადაც ინტერესთა კონფლიქტი და ქალაქის სივრცეებისთვის ბრძოლა, ქალაქის მართვა და დაგეგმარება, სხვა მთელ რიგ ნაკლოვანებებთან ერთად, მოქალაქეებისგან გამიჯნულად მიმდინარეობს.
მდგრადი ურბანული განვითარების კონცეფციები, ამ მიმართულების პროფესიული სამეცნიერო ლიტერატურა და კვლევები აქტიურად განიხილავს ურბანულ პროცესში მოქალაქეების ჩართულობას და, ამ გზით, ქალაქის მართვა-დაგეგმარების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდის მნიშვნელობას (Medeiros & Zwet, 2020). თანამონაწილეობითი პრაქტიკის დანერგვისას, სამართლებრივი-ნორმატიული ბაზისის ფორმირება მნიშვნელოვანი საწყისი ეტაპია. თუმცა, ინსტიტუციური მხარდაჭერისა და ქმედითი ინსტრუმენტების შემუშავების გარეშე შეუძლებელი იქნება მოქალაქეთა რეალური ჩართულობის უზრუნველყოფა. ურბანულ პროცესებში მოქალაქეების ჩართვის შესახებ დისკუსიები აქტიური და ქმედითი რომ გახდეს, საჭიროა გამოვიკვლიოთ ამ ტიპის მექანიზმების ინსტიტუციონალური განვითარება და საზოგადოების ადგილი ამ დინამიკაში. ვუპასუხოთ კითხვებს: როგორია პრაქტიკა ამ მიმართულებით და რა შეგვიძლია ვისწავლოთ დღეს არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილებებით?
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ 2015 წლის 22 ივლისს შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები ვალდებულები არიან ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობა უზრუნველყონ. საქართველოს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოქალაქეების მიერ ქალაქ თბილისში საუბნო დონეზე ურბანულ საკითხებზე მსჯელობისა და პრობლემების გადაჭრის პლატფორმას – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს (სმს) – გვთავაზობს. კოდექსი გამგეობებს ავალდებულებს შექმნან მოქალაქეთა ჩართულობისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 85 , ნაწილი 4., 2015). მიუხედავად არსებული სამართლებრივი მზაობისა, ქალაქ თბილისის გამგეობებში თანამონაწილეობის ეს პლატფორმა მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს და ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა ეფექტურ ჩართულობას ურბანული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ტექსტის პირველი და მეორე ნაწილი ეთმობა საკანონმდებლო სივრცისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს არსებული პრაქტიკის მიმოხილვას, მესამე ნაწილში კი წარმოდგენილია საერთაშორისო გამოცდილება ქალაქ ვენის (ავსტრია) და ქალაქ მანჰაიმის (გერმანია) საბჭოების მაგალითზე. ტექსტში, მეორადი ლიტერატურის კვლევის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ჩატარებული ნახევრად-სტრუქტურირებული ინტერვიუებისა (5 ინტერვიუ) და გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, წარმოდგენილი იქნება საბჭოების, როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების სისტემური პრობლემები და შესაძლებლობები.